ნიკა კვეკვესკირმა კარიერა დაასრულა და ნაკრებში დასაქმდა

0
8

საქართველოს ეროვნული გუნდის აწ უკვე ყოფილმა ექსკაპიტანმა ნიკა კვეკვესკირმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მან ამის შესახებ სასტუმრო „პარაგრაფში“ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ კვეკვესკირმა გაიტანა გადამწყვეტი პენალტი პლეი-ოფში საბერძნეთთან მოგებულ მატჩში, რომლის წყალობით საქართველოს ნაკრების არსებობის ისტორიაში პირველად ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდა.
კვეკვესკირი, რომელსაც მწვრთნელის ლიცენზია აქვს, ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუსავებს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად სანიოლმა და იაშვილმა გააჟღერეს, რაც შემდეგ თავად ნიკამ დაადასტურა. კვეკვესკირი ნაკრებში 2015 წლიდან გამოდიოდა და 62 მატჩი ჩაატარა. ის კარიერის განმავლობაში საკლუბო დონეზე  ზუგდიდის “ბაიაში”, თბილისის “დინამოში”, “ცხინვალში”, გორის “დილაში”, აზერბაიჯანის ბაქოს “ინტერში” და “გაბალაში”, ყაზახეთის “ტობოლში”, პოზნანის „ლეხში“ და უნგრეთის „ნირედჰაზაში“ თამაშობდა.
ნიკა კვეკვესკირი: „აქ იმიტომ ვარ, რომ ყველას ვაცნობო, რომ საფეხბურთო კარიერა დავასრულე და მინდოდა, ეს ყველაფერი ჩემგან გაჟღერებულიყო. ცოტა მიჭირს საუბარი, ცოტა ვნერვიულობ, განსაკუთრებული მომენტია, მაგრამ პირველ რიგში მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, ყველა მწვრთნელს, ფეხბურთის ფედერაციას, თითოეულ თანამშრომელს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო მეტარებინა საქართველოს ნაკრების მაისური და რა თქმა უნდა, საოცნებო ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიმეღო. რთული გადაწყვეტილება იყო ეს ყველაფერი, მაგრამ დგება დრო გადაწყვეტილების მისაღებად და ცხოვრებაში ახალი ფურცელი უნდა გადაშალო. მინდა, ასევე მადლობა გადაგიხადოთ ჟურნალისტებს პატივისცემისთვის, ამ წარმატების მიზეზი თქვენც ხართ და დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ნაკრებს კიდევ უფრო დიდი წარმატება ელოდება.
მინდა მადლობა ვუთხრა ფედერაციას, რადგან ძალიან დიდ საქმეს აკეთებს მწვრთნელთა განათლების პროგრამით, რომლის გარეშე აქ არ ვიქნებოდით. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, რომ ასე სწრაფად მწვრთნელად დამეწყო მუშაობა. მოქმედი ფეხბურთელებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად და დაბრკოლების გარეშე გადავიდნენ ახალ ეტაპზე. ძალიან დიდი მადლობა ვილის და იაშვილს ნდობისთვის. ძალიან დიდი პრივილეგიაა იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი. ეს არის ადგილი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, ყველაზე ბედნიერი ვარ და არაფერს დავიშურებ, რომ ეს ნდობა გავამართლო.
ფეხბურთი ჩემთვის პირველ რიგში სიყვარულთან, ვნებასთან და სიამოვნებასთან ასოცირდებოდა, რადგან ეს საქმე ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. როდესაც ვერ აკეთებ საქმეს იმ დონეზე, როგორც გინდა, უნდა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. ვერ ვიტყვი, რომ კარიერის გაგრძელება ფიზიკურად არ შემეძლო, მაგრამ მგონია, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი, რადგან არანაკლები ინტერესი ვნება გამაჩნია ამ საქმისადმი. ეროვნულ ნაკრებთან ერთად ისეთ რამეს მივაღწიეთ, რომ კმაყოფილი და ბედნიერი მივდივარ“.
ლექსანდრე იაშვილი: „სასიამოვნოა, რომ ქვეყანას ასეთი ფეხბურთელ ჰყავდა. კვეკვეს როლი ნაკრების წარმატებასა და განვითარებაში ძალიან დიდია. ის ყოველთვის მაგალითი მოედანზე და მის გარეთ, ახალგაზრდა ფეხბურთელებსითვის, თუ რას ნიშნავს იყო ნაკრების ფეხბურთელი. ნაკრების წარმატებაში მისი როლი ძალიან დიდია. დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორიც კვეკვე იმიტომ გახდა, რომ ეს დაიმსახურა, დამთხვევების არ მჯერა. მადლობა კვეკვე, რაც შენ გააკეთე ნაკრებისთვის და ქვეყნისთვის. მთელი გულით დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, ყველა თვისებით, რაც გააჩნია, ძალიან მაგარი მწვრთნელი იქნება და მიხარია, რომ მას ამის სურვილი აქვს. ასევე მინდა ვისარგებლო და ზაზა ზამთარაძეს დიდი მადლობა გადავუხადო ამ საოცარი სამუშაოსთვის, რომელიც მან გასწია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ გამოცდილებას, რომელიც კვეკვეს აქვს, ქართულ ფეხბურთს მოახმარს”.
ვილი სანიოლი: „ფეხბურთელი თვითონ გრძნობს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ვულოცავ მას წარმატებულ კარიერას, საბერძნეთთან გადამწყვეტი პენალტი გაიტანა, რაც არასდროს დაგვავიწყდება და ამ მხრივ, მეც და ყველა გულშემატკივარიც მასთან ვალში ვიქნებით. მნიშვნელოვან წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. ახლა მისი ახალი ეტაპი სამწვრთნელო კარიერა იქნება, ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება“.

ლაშა თაბაგარი