საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლის თურქეთის ნაკრების ძალიან სერიოზულ მეტოქედ მიაჩნია, მაგრამ სჯერა, რომ თავის ფეხბურთელებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ. მან ამის შესახებ სასტუმრო „პარაგრაფში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ფეხბურთი ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც დაესწრო.
ვილი სანიოლი: „ბოლო წელიწადნახევარში ჩვენი ნაკრები ძალიან კარგად გამოიყურებოდა, რა თქმა უნდა, თურქეთი ძალიან ძლიერი და ამბიციური გუნდია, მაგრამ გვაქვს ის პოტენციალი, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ. სექტემბრის თამაშები შედარებით ყოველთვის რთულია, რადგან ახალი სეზონის დასაწყისია, თუმცა წარმატების პოტენციალი ნამდვილად გვაქვს.
ჩემი აზრით, ის ფეხბურთელები, რომლებიც ითამაშებენ, როგორ შეასრულებენ ჩემს დავალებებს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტაქტიკა. უნდა გადავწყვიტოთ, როგორ მივუდგეთ ამ ორ მატჩს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმ ტაქტიკით ვითამაშებთ, როგორც ევროპის ჩემპიონატზე, თუ რაიმე სიახლე იქნება. ვაცნობიერებთ, რომ არა მხოლოდ ამ მატჩებში, არამედ ზოგადად საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალიან რთული დავალება გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ დაცვით სისტემასთან დაკავშირებით, გვაქვს პოტენციალი და შესაძლებლობა სასურველი შედეგის მისაღწევად.
აკრებში მოსვლის შემდეგ ყოველთვის ვცდილობდი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაციას. ლომინაძე კარგა ხანია ნაკრებში გამოძახების კანდიდატი იყო, მაგრამ რადგან 21-წლამდელებში თამაშობდა, აქამდე ვერ შედგა მისი დებიუტი. რაც შეეხება აბუაშვილს, მას ნაკლებად წარმატებული პერიოდი ჰქონდა პორტუგალიაში, მაგრამ ახალი გამოწვევა და ახალი შანსი მიეცა, ამიტომ გადავწყვიტეთ გამოგვეძახებინა. იყო სხვა ფეხბურთელების ვარიანტებიც, რომ გამოგვეძახებინა, მაგალითად, გიორგი კვერნაძე, რომელსაც მომავალში ექნება შანსი, მაგრამ ამ ეტაპზე ვამჯობინეთ, რომ აბუაშვილისთვის მიგვეცა შანსი. ზოგადად, ნაკრების კარი ყოველთვის ღია იქნება ყველასთვის, ვინც ამას იმსახურებს. ეს ყოველთვის იყო ჩემი დევიზი და მომავალშიც იქნება სიახლეები, რადგან უკვე მიდის თაობათა ცვლა და გუნდის გადახალისებაც ბუნებრივი პროცესია.
ჩაკვეტაძე აპრილის შემდეგ ვერ თაშობს, ეს არის სიტუაცია, რაზეც მე არანაირი კონტროლი არ გამაჩნია. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სხვა ფეხბურთელების დახმარებით მივაღწიოთ შედეგს. იგივე ეხება ლაშა დვალს, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ეს ეხებათ მეკარეებს, მამარდაშვილს და გუგეშაშვილს, რომლებიც კლუბებში ვერ თამაშობენ. მეკარისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ინტენსიურობა იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც მოედნის მოთამაშისთვის, მაგრამ თუ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდება, ეს ჩვენთვის დიდ პრობლემად იქცევა. იმედი მაქვს, მომავალში მათ მეტი სათამაშო დრო მიეცემათ”.
ალექსანდრე იაშვილი: „რა თქმა უნდა, სომხეთთან ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, არაერთხელ აღვნიშნე, რომ ყოველთვის ვსწვალობთ ჩვენს შეცდომებზე, ამიტომ, თურქეთთან თამაშზე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება ორგანიზებული.
ჯამალ კაიშვილს რაც შეეხება, ძალიან ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც უცხოეთში წარმატებით თამაშობენ და ჩვენი მიზანია, რომ მეტი ფეხბურთელი მოვძებნოთ და დავაბრუნოთ, რადგან ეს ძალიან სჭირდება ჩვენს ნაკრებს. კაიაშვილმა ძალიან რთული პერიოდი გაიარა, საბუთების მხრივ არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მიიღოს მოქალეობა, დღეის მონაცემებით ის სამწუხაროდ არცერთი ქვეყნის მოქალაქე არაა. ძალიან ნიჭიერი ბიჭია, გამორიცხულია „ბაიერნის“ აკადემიაში იყოს თუ ნიჭიერი არაა. ჩამოვა საქართველოში, პირველად, რაც ძალიან გვიხარია. ვასილ მაისურაძე ვარჯიშებზე ნახავს და ვეცდებით, რომ ნოემბრისთვის ეს საქმე მოგვარდეს. თუმცა, იმის გარანტია, რომ ნოემბრამდე ყველაფერი მოესწრება, ჯერ არ გვაქვს.
ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს სავსე „დინამო არენაზე“ თამაში. ძალიან გვიხარია ამ სტადიონზე თამაში, ბილეთები რამდენიმე საათში გაიყიდა. მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრების წარმატებით გამოსვლა და ერთადერთი მიზანია შესარჩევი წარმატებით ჩაატაროს ნაკრებმა. ერთადერთი საზრუნავი ახლა სწორედ ესაა“.
საქართველოს ნაკრების მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 4 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ თურქეთს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს – ბულგარეთს.
4 სექტემბერს საქართველო – თურქეთის შეხევდრა ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო 7 სექტემბერს საქართველო-ბულგარეთის მატჩი სტარტს 17:00 საათზე აიღებს.
ლაშა თაბაგარი





