პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს განცხადებით, იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას გუნდიდან გაშვება მისი გადაწყვეტილებაა. მან ამის შესახებ იტალიის ქალაქ უდინეში დღეს ევროპის სუპერთასზე ლონდონის „ტოტენჰემთან“ შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე არ ვიცი „ტოტენჰემი“ როგორ თამაშობს, რადგან ცოტა ხნის წინ გუნდს მწვრთნელი შეეცვალა. მეტოქე ერთი თვის განმავლობაში ვარჯიშობდა, ხოლო ჩვენ პირველი კვირაა რაც ვარჯიში დავიწყეთ, მაგრამ ეს გასამართლებელი საბუთი არაა და ბოლომდე დავიხარჯებით.
ჩვენთვის აქ ყოფნა დიდი პატივია. იმისთვის ვართ, რომ დავტკბეთ, რადგან ჩვენთვის ეს სამუშაო არაა. ცხადია, ზეწოლა არის რომელთან გამკლავება შეგვიძლია.
უდავოა, რომ დონარუმა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, ხოლო როგორც ადამიანი კიდევ უფრო უკეთესია. თუმცა, ტოპ-დონის საფეხბურთო ცხოვრება ასეთია და ამ რთულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი მე ვარ. ეს ადვილი რომ იყო, ყველა გააკეთებდა. ეს გადაწყვეტილება იმას უკავშირდება თუ როგორი მეკარე სჭირდება გუნდს.
რა თქმა უნდა, გასულ სეზონში რასაც მივაღწიეთ, ამაში წვლილი ყველამ შევიტანეთ. მოთამაშეებს გარკვეული მსხვერპლის გაღება მოუწიათ. ჩვენი არავის სჯეროდა. თუმცა, მიმდინარე სეზონში ჩვენს წინაშე ძალიან რთული ამოცანაა – უნდა ვაჩვენოთ, რომ გამარჯვება ისევ შეგვიძლია“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ფრანგული მედია.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს და „ტოტენჰემის“ მატჩი სტადიონ „ფრიულიზე“ თბილისის დროით 22:50 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





