„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას განცხადებით, დასვენების და ყველაფრის გააზრების დრო დადგა, რათა შემდეგ სეზონში სათანადოდ დაბრუნდნენ. მან ამის შესახებ აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბოს ჩემპიონატის 1/8-ფინალში საუდის არაბეთის „ალ ჰილალთან“ 3:4 წაგების შემდეგ აღნიშნა.
„ასეთ ეტაპზე ყველა თამაში რთულია. მეტოქის კონტრშეტევაზე თამაშის საშუალება მივეცით, მაგრამ თავად ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და საერთო ჯამში კარგად გამოვიყურებოდი.
საწყენია, რადგან გოლის კიდევ გატანის არაერთი შანსი გვქონდა, ხოლო ბუნუმ რამდენიმე წარმოუდგენელი ბურთი მოიგერია. მეტს ვერაფერს ვიტყვი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გუნდის საქმე კარგად მიდის, მაგრამ სახლში ვბრუნდებით. ახლა დასვენების და ყველაფრის გააზრების დრო დადგა, რომ შემდეგ სეზონში სათანადოდ დავბრუნდეთ“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს „სიტის“ პრესსამსახური.
“ალ ჰილალთან” წაგებით “სიტის” 20-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა. 2024-2025 წლების სეზონში მანჩესტერელებმა 61 მატჩიდან 17 წააგეს, რაც 28 პროცენტია. გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
ლაშა თაბაგარი





