პორტუგალიამ ერთა ლიგა მეორედ მოიგო

0
18

პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგა მეორედ მოიგო. მიუნხენის „ალიან არენაზე“ გამართულ ფინალში რობერტო მარტინესის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპისა და ერთა ლიგის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს პენალტების სერიაში აჯობა.
მატჩის 21-ე წუთზე ლამინ იამალის საჯარიმოში გაკეთებული პასი რუბენ დიაშმა ჩაჭრა და კარიდან დიოგო კოსტა გამოვიდა ბურთის დასაუფლებლად, რომელსაც ფეხი ჟოაო ნევეშმა მიარტყა, ხოლო სუბიმენდიმ ახლო მანძილიდან ესპანელები დააწინაურა – 0:1.
26-ე წუთზე ნუნუ მენდეში მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და შორეულ კუთხეში აუღებლად დაარტყა – 1:1. პირველი ტაიმის მიწურულს ესპანელების კონტრშეტევის დროს პედრიმ გადაცემა პორტუგალიელთა საჯარიმოში მცველის ზურგსუკან გახსნილ ოიარსაბალს გაუკეთა, რომელმაც „ფურია როხა“ დააწინაურა – 1:2.
61-ე წუთზე ნუნუ მენდეში ესპანელების საჯარიმოში ისევ მარცხნიდან შევიდა და მისი ჩაწოდების მერე მცველის ფეხიდან ბურთმა ტრაექტორია შეიცვალა, კრიშტიანუ რონალდუმ კი კუკურელიას აჯობა, რის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა – 2:2. პორტუგალიელთა კაპიტანმა სანაკრებო დონეზე 138-ე გოლი გაიტანა, რაც რეკორდია. ხოლო კარიერაში – 938-ე. მან 88-ე წუთზე კუნთის ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა, რომელშიც ანგარიში არ შეცვლილა. პენალტების სერიაში პორტუგალიამ 5:3 მოიგო.
გამარჯვებულებიდან თავი რამუშმა, ვიტინიამ, ფერნანდეშმა, მენდეშმა და ნევეშმა გამოიჩინეს. ესპანეთიდან თერთმეტმეტრიანი ზუსტად მერინომ, ბაენამ და ისკომ შეასრულეს, ხოლო გუნდის კაპტან ალვარო მორატას მეკარემ აუღო.
პორტუგალიამ 2010 წლის შემდეგ ესპანეთი პირველად დაამარცხა. მანამდე, 4 მატჩი წააგო და 2 ფრედ დაასრულა. პორტუგალიამ პირველად ერთა ლიგის სადებიუტო გათამაშება 2019 წელს მოიგო, როდესაც ფინალში ნიდერლანდებს 1:0 აჯობა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელებმა 2016 წელს ევროპის ჩემპიონატში გაიმარჯვეს. რონალდუმ კარიერაში როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე 33-ე ტიტული მოიპოვა. ესპანეთის ნაკრები ბოლო 20 შეხვედრაში პირველად დამარცხდა.
ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამაშებაში მე-3 ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, რომელმაც გერმანიას 2:0 აჯობა.
ლაშა თაბაგარი