საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით მეორე წრეც წაუგებლად დაასრულა. ბოლო მე-18 ტურში თბილისელებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „გაგრას“ უმასპინძლა და 3:1 სძლია.
29-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა მასპინძლების საჯარიმოში ლევან გეგეჭკორი მოძებნა, ხოლო „გაგრას“ კაპიტანმა მცირე შედევრი შექმნა და მარჯვენა მახვილი კუთხიდან ორიგინალური დარტყმით თორნიკე მეგრელიშვილის კარი აიღო – 0:1.
34-ე წუთზე „გაგრას“ მცველის ცუდად მოგერიებული ბურთი იური ტაბატაძემ მიიღო და საჯარიმო ხაზიდან ზუსტად დაარტყა – 1:1.
36-ე წუთზე სტუმართა ნახევარზე მყოფმა გიორგი ტაბატაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც იური ტაბატაძემ მცველს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და თავით ეფექტური გოლი გაიტანა – 2:1. 87-ე წუთზე „იბერიას“ კონტრშეტევის დროს თორნიკე ახვლედიანის გადაცემის შემდეგ, საჯარიმოში შესული ამირან ძაგანია წინ გამოსულ მეკარეს გაცდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
„იბერიამ“ მეორე წრე 44 ქულით დაასრულა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსან გორის „დილას“ 6 ქულით ასწრებს, ხოლო გიორგი ონიანის თავკაცობით „გაგრამ“ 20 ქულა დააგროვა და მეექვსეა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 აგვისტოს განახლდება.
იბერია 1999 3:1 გაგრა
ლაშა თაბაგარი





