კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო მე-18 ტური ბათუმში დასრულდა, სადაც ადგილობრივმა „დინამომ“ გიორგი ჭიაბრიშვილის თავკაცობით ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და 2:0 სძლია.
მატჩის მე-4 წუთზე ფოთელთა მცველმა აკაკი გიუნაშვილმა ლიეტუველი ფორვარდი გიტის პაულაუსკასი წააქცია და თავდაპირველად მთავარმა მსაჯმა ბაქარ ბრეგაძემ პენალტი დადო. თუმცა, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა და საჯარიმო დარტყმა დანიშნა, ხოლო გიუნაშვილი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა.
მე-40 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა რევაზ ინჯგიამ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გამოსვლაზე „კოლხეთის“ მეკარე დემეტრე ბულესკერია შეცდა და პაულაუსკასმა თავით ანგარიშ გახსნა – 1:0. 44-ე წუთზე ბულესკერიამ ტრავმა მიიღო და უკრაინელმა იაროსლავ კოტლიაროვმა შეცვალა. მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში მოჰამედ ფოფანამ ქუსლით პასი ნიკა კალანდარიშვილს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით დაუბრუნა ბურთი საჯარიმოში კოტდივუარელს, ხოლო ამ უკანასკნელმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
ბათუმელებმა მეორე წრე 38 ქულით და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამე ადგილით დაასრულეს, ხოლო კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი „კოლხეთი“ 13 ქულით მეცხრეა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 აგვისტოს განახლდება.
დინამო ბთ 2:0 კოლხეთი 1913
ლაშა თაბაგარი
