„სამგურალს“ ისევ ფანცულაიამ მოაგებინა

0
15

წყალტუბოს „სამგურალმა“ ბრაზილიელი ტიაგო გომესის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 წრის ბოლო მე-18 ტურში „სამგურალმა“ გასვლაზე „თელავს“ აჯობა და გუნდის წარმატებაში ისევ დიდი წვლილი შეიტანა გიორგი ფანცულაიამ.
შეხვედრის მე-20 წამზე ნიკა ცეცხლაძის პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში შესულმა ფანცულაიამ მარცხენა ფეხით დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:1.
მე-14 წუთზე ნიკა ცეცხლაძე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და ორ მეურვეს გაექცა, რის შემდეგ ნოდარ ყალიჩავას ახლო კუთხეში გაუტანა – 1:1.
35-ე წუთზე ლუკა ხორხელმა თავისი ნახევრიდან გაუკეთა პასი გიორგი ფანცულაიას, რომელმაც მოედნის ცენტრიდან ბურთიანად ირბინა და მეკარესთან პირისპირ გასულმა თავისი გუნდი ისევ დააწინაურა – 1:2. მან დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში მიითვალა.
68-ე წუთზე ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ თელაველთა საჯარიმოში თანამემამულე ვინისიუსი მოძებნა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა – 1:3. წყალტუბოელებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს, რადგან 76-ე წუთზე ომარ პატარკაციშვილმა ძალიან უხეშად ითამაშა ტატო ჟივიძის წინააღმდეგ და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
„სამგურალს“ 18 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეშვიდეა, ხოლო ვალერი გაგუას გაწვრთნილი „თელავი“ 12 ქულით ბოლოა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 აგვისტოს განახლდება.
თელავი 1:3 სამგურალი 

ლაშა თაბაგარი