„ლევანტე“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნდა. სეგუნდა დივიზიონის ბოლოსწინა 41-ე ტურში ვალენსიელებმა სტუმრად „ბურგოსი“ 3:2 დაამარცხეს და მომავალ სეზონში ესპანური ფეხბურთის ელიტაში თამაში გაინაღდეს. „ლევანტე“ 76 ქულით პირველ ადგილზეა და 2 ქულით ასწრებს მეორე ადგილოსან „ელჩეს“, ხოლო 4 ქულით – მესამეადგილოსან „ოვიედოს“. სეგუნდაში პირვე-მეორე ადგილზე გასული გუნდები ლა ლიგაში ავტომატურად აღზევდებიან.
უშუალოდ „ბურგოსთან“ შეხვედრას რაც შეეხება, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო. მან მიმდინარე სეზონში „ლევანტეს“ შემადგენლობაში სეგუნდა დივიზიონში 34-ჯერ ითამაშა და 6 გოლი გაიტანა, პლუს 4 საგოლე პასი გააკეთა. ის მომავალი სეზონიდან ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





