„ემპოლი“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე და საბა საზონოვი ირიცხებიან, იტალიის სერია A-დან გავარდა.
ბოლო 38-ე ტურში ტოსკანელებმა „ვერონას“ უმასპინძლეს და ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი რომ დაეტოვებინა, აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა. თუმცა, ამის საპირისპიროდ „ემპოლი“ 1:2 დამარცხდა. გოგლიჩიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო საზონოვი, რომელიც ტრავმას მკურნალობს, განაცხადში ისევ ვერ მოხვდა. „ემპოლიმ“, რომელიც სერია A-ში ორი წლის წინ დაბრუნდა, მომავალ სეზონში ისევ სერია B-ში ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის მცველმა გოგლიჩიძემ გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 33-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო იტალიის თასზე 3-ჯერ იასპარეზა. 23 წლის საზონოვმა, რომელიც „ემპოლიში“ „ტორინომ“ გაანათხოვრა, მძიმე ტრავმის გამო ტოსკანელებში მხოლოდ ერთხელ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი
