უეფას ევროპა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის გათამაშების გამარჯვებული ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურია“.
ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გამართულ ინგლისურ ფინალში ანგე პოსტეკოღლუს გაწვრთნილმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელსაც პორტუგალიელი რუბენ ამორიმი ავარჯიშებს.
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები ფინალმა მოლოდინი არ გაამართლა, რადგან სახიფათო მომენტები კანტი-კუნტად შეიქმნა და არც ერთი გუნდის ფეხბურთელებს მაღალი სათამაშო დონე არ გამოუვლენიათ.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე გავიდა, როდესაც მეტოქის ნახევარზე მყოფმა სარმა მარცხენა ფლანგიდნა მანჩესტერელთა საჯარიმოში ჩააწოდა და ბრენან ჯონსონის დარტყმის შემდეგ, ბურთი ლუკ შოუს ხელში მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა.
68-ე წუთზე ბრუნუ ფერნანდეშმა „ტოტენჰემის“ საჯარიმოში მაღაქლი ბურთი ჩაჰკიდა და მეკარე გულელმო ვიკარიომ გამოსვლაზე შეცდომა დაუვა, ხოლო რასმუს ჰეილუნდის თავით დარტყმული ცარიელი კარის ხაზზე მდგომმა ვან დე ბენ აკრობატულ ნახტომში მოიგერია.
მატჩის მიწურულს შოუმ თავით ბურთი კარისკენ სახიფათოდ გაგზავნა და ვიკარიომ თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
არსებობის ისტორიაში „ტოტენჰემმა“ ევროპა ლიგა/უეფას თასი მესამედ მოიგო. მანამდე, ლონდონელებმა ამ ტურნირში 1972 და 1984 წლებში გაიმარჯვა. 1963 წელს “დეზებიანმა მამლებმა” თასების თასი მოიგეს. გარდა ამისა, ლონდონელები 2008 წლის შემდეგ პირველ ჯილდოს დაეუფლნენ – მაშინ ინგლისის ლიგის თასი აიღეს.
ავსტრალიელი პოსტეკოღლუს ხელმძღვანელობით მომავალ სეზონში „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე ითამაშებს. ლონდონელთა თავდამსხმელი მაიკ მური 17 წლის 283 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპა ლიგა მოიგო.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ევროპა ლიგის ზედიზედ მეორე ფინალი წააგო – 2021 წელს ესპანეთის „ვილიარეალთან“ დამარცხდა. მანჩესტერელებმა 1973-1974 წლების შემდეგ სეზონში 20 თამაში პირველად წააგეს.
ლაშა თაბაგარი





