ხვიჩა კვარაცხელია „წლის ადამიანია“

0
0

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული ჟურნალის GQ-იუს ვერსიით ყოველწლიური პრემიის „წლის ადამიანის“ ერთ-ერთი ლაურეატი გახდა.
ჩამონათვალში სპორტის, კინოსა და მუსიკის 8 წარმომადგენელი შევიდა. მათ შორის მსახიობი ნილს შნაიდერი, მომღერალი ანჟელი და რეპერი Tiakola. დაჯილდოვების ცერემონიალი 18 ნოემბერს პარიზში გაიმართება.
„ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა პსჟ-ს წარმატების, რომელმაც ზედიზედ მეორედ ევროპული ტიტული მოიგო. ამჟამად, ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ღირსების მაგალითი და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია“ – იუწყება GQ France-ს პრესსამსახური.
პსჟ-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 91 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩამ პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. ის ამ მაჩვენებლით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ხვიჩა „ნაპოლის“ მაისურით 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ლაშა თაბაგარი