პოსტეკოღლუ: „თამაშის დროს თავდაჯერებული ვიყავი“

0
21

„ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელ ანგე პოსტეკოღლუ მატჩის მსვლელობის დროს თავდაჯერებული იყო, რადგან სჯეროდა, რომ ანგარიშში წინგასვლის შემთხვევაში უპირატესობას შეინარჩუნებდნენ. მან ამის შესახებ ბილბაოში გამართულ ევროპა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედთან” 1:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ჯერ კიდევ ვცდილობ მომხდარი გავითავისო. მესმის ეს მიღწევა ჩვენი კლუბისთვის რამდენად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ტიტულების მოგების გარეშე პერიოდი რაც უფრო დიდი ხანი გრძელდება, მისი შეწყვეტა გაცილებით რთულია. კლუბში ყველას შორის დაძაბულობას ვგრძნობდი, რადგან ისინი მსგავს სიტუაციას უკვე შეეჯახნენ. ვიდრე ამ ტვირთს არ ჩამოიშორებ, რთულია იმის გაგება თუ ეს რას ნიშნავს.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ფეხბურთი პლეი-ოფში განსხვავებულია ჩემპიონატში მიმდინარე ბატალიებისგან. ასეთ სიტუაციაში როდესაც ხარ აუცილებელია კარგი ორგანიზება, საკუთარი თავის რწმენა, კონკრეტული სათამაშო გეგმის არსებობა და საკვანძო მომენტებზე ყურადღების მიქცევა – საიმედო დაცვის ხარჯზე მეტოქის საგოლე შანსების მინიმიზირება.
თამაშის დროს თავდაჯერებული ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ თუ დავწინაურდებოდით, მაშინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ შექმნილ სახიფათო მომენტებს გავანეიტრალიზებდით“ – იუწყება უეფას ვებგვერდი ავსტრალიელი სპეციალისტის ნათქვამს, რომელმაც „ტოტენჰემთან“ ერთად პირველი ტიტული მოიგო.
არსებობის ისტორიაში „ტოტენჰემმა“ ევროპა ლიგა/უეფას თასი მესამედ მოიგო. მანამდე, ლონდონელებმა ამ ტურნირში 1972 და 1984 წლებში გაიმარჯვა. 1963 წელს “დეზებიანმა მამლებმა” თასების თასი მოიგეს. გარდა ამისა, ლონდონელები 2008 წლის შემდეგ პირველ ჯილდოს დაეუფლნენ – მაშინ ინგლისის ლიგის თასი აიღეს.
ლაშა თაბაგარი