ხავი: „ჩვენი ყველაზე ცუდი სახე ვაჩვენეთ“

0
0

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის გათამაშების A ლიგის მე-2 ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ბერლინში გერმანიასთან 0:5 განადგურების შემდეგ განაცხადა, რომ თავისი ყველაზე ცუდი სახე აჩვენეს.
„თუ სულისკვეთება არ გვაქვს, მაშინ ვინმესთან ტოლსწორად პაექრობა შეუძლებელია. სამი დღის წინ საუცხოო მატჩი ჩავატარეთ ჩვენი ფასეულობების თვალსაზრისით, ხოლო დღეს ყველაფერი პირიქით იყო.
ჩვენთვის ათვლის წერტილი დღევანდელი დღე იქნება და ამ სიტუაციიდან შესაბამისი დასკვნა გავაკეთოთ, ხოლო გულშემატკივრებს მოვუბოდიშოთ, რადგან დღეს ჩვენი ყველაზე ცუდი სახე ვაჩვენეთ, ხოლო სამი დღის წინ – საუკეთესო“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის 41-ე წუთზე ანგარიში შერჰანტმა გახსნა, რომელიც მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და ბურთი შორეულ „ცხრიანში“ გაახვია. მე-60 წუთზე ვირცმა სტუმართა საჯარიმოს წინ ერთი მეტოქე ჩამოიცილა და მარცხენა ფეხით ეფექტური გოლი შეაგდო. 65-ე წუთზე გრუდამ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი ნიდერლანდელთა კართან ჩაჰკიდა და შლოტერბერგმა ვარდნაში თავით გაიტანა. 71-ე წუთზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა გრუდამ პასი ვირცს გაუკეთა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა. 77-ე წუთზე ნიდერლანდების კარი გრუდამ აიღო და გერმანიამ 11 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ამდენივე ქულით მეორე პოზიციაზე ნიდერლანდები გავიდა. ორივე გუნდი მომავალ წელს ერთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშებს.
ცნობისთვის, ნიდერლანდებმა 1959 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო – მაშინ, გერმანიისგან 7 უპასუხო ბურთი გაუშვა. თუმცა, ოფიციალურ ტურნირებში ერთ მატჩში 5 უპასუხო გოლი „ნარინჯისფრებმა“ პირველად გაუშვეს.
ლაშა თაბაგარი