კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურმა სტარტი ცენტრალური მატჩით აიღო, რომელშიც გათამაშების ლიდერმა თბილისის „იბერიამ“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეორეადგილოსან გორის „დილას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით აჯობა.
მატჩის პირველ ტაიმში ოთარ კორღალიძის გაწვრთნილებმა ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, როდესაც იური ტაბატაძე ფინტით გორელთა მცველს გაცდა და მარცხენა ფეხით დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. თავის მხრივ, „დილას“ ანგარიშის გახსნა შეეძლო, როდესაც სტანდარტულის შესრულების შემდეგ, სტუმართა ფეხბურთელის დარტყმული ბურთი ტაბატაძემ კარის ხაზიდან გამოიტანა.
სიმართლე უნდა ითქვას, რომ „დილა“ ტერიტორიულ უპირატესობას ორი ტაიმის განმავლობაში ფლობდა და „იბერიამ“ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ყველაზე რთული შეხვედრა ჩაატარა.
57-ე წუთზე თბილისელთა განაპირა მცველ დერეკ აგიაკვას თავის საჯარიმოში გაექცა ბურთი, რომელიც აბუბაქარ კონტეს მიუვიდა და ნიდერლანდელთან ორთაბრძოლაში წაიქცა. მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა თავდაპირველად „იბერიას“ კარში პენალტი დანიშნა, თუმცა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, თავისი გადაწყვეტილება გააუქმა.
67-ე წუთზე მასპინძლების შეტევის დროს „დილას“ საჯარიმოში ბურთი ტაბატაძეს მიუვიდა, რომლის დარტყმული მეკარე დავით კერესელიძემ მოიგერია, ხოლო ირაკლი სიხარულიძემ ზუსტად დაამატა – 1:0.
დარჩენილ დროში ბურთს მეტწილად პორტუგალიელი ნუნუ კოშტას გაწვრთნილი „დილა“ ფლობდა და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, თუმცა ახლო მანძილიდან ირაკლი ბუღრიძის დარტყმული ბურთი გიორგი მაკარიძემ უკუაგდო.
„იბერიას“ 27 ქულა აქვს და 10-გუნდია სატურნირო ცხრილს დაუმარცხებლად ლიდერობს, ხოლო „დილა“ 23 ქულით ჯერჯერობი მეორე პოზიციაზეა ვიდრე ხვალ ტურის დარჩენილი თამაშები ჩატარდება.
იბერია 1999 1:0 დილა
ლაშა თაბაგარი





