ევროპა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბილბაოს „ატლეტიკს“ ესტუმრა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. შეხვედრის 30-ე წუთზე ინგლისელთა ცენტრალურმა მცველმა ჰარი მაგუაიერმა მარჯვენა ფლანგზე კარგი გარემარბივით ითამაშა და მას მერე რაც მცველს გაცდა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც უგარტემ თავით პასი კაზემიროს გაუკეთა, რომელმაც ასევე თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
35-ე წუთზე ბილბაოელთა მცველმა დანი ვივიანმა თავის საჯარიმოში მაისურზე დაქაჩა გარნაჩოს, რომელიც წაიქცა. ეპიზოდი VAR-ზე დიდი ხანი მოწმდებოდა და საბოლოოდ, მსაჯმა პენალტი დანიშნა, ხოლო ბასკი ფეხბურთელი გააძევა. მანჩესტერელთა კაპიტანმა ბრუნუ ფერნანდეშმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 0:2. 45-ე წუთზე უგარტემ ქუსლით საუცხოო პასი გაუკეთა ფერნანდეშს, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და გოლის გატანის შანსი ხელიდან არ გაუშვა – 0:3. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „იუნაიტედი“ ცალი ფეხით ფინალშია.
მეორე ნახევარფინალში ლონდონის „ტოტენჰემმა“ ნორვეგიის „ბოდო/გლიმტი“ მიიღო და 3:1 აჯობა. შეხვედრის პირველ წუთზე რიშარლისონის პასის შემდეგ, ანგარიში ბრენან ჯონსონმა გახსნა. 34-ე წუთზე მასპინძლების უპირატესობა ორ ბურთამდე ჯეიმს მედისონმა გაზარდა, რომელმაც პედრო პოროს გადაცემა გამოიყენა. 61-ე წუთზე სოლანკემ სტუმართა კარი პენალტიდან აიღო. ნორვეგიელებიდან ერთადერთი ბურთი თავის ანგარიშზე სალტნესმა ჩაიწერა.
ევროპა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო მატჩები 8 მაისს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





