გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ დაამტიკცა, რომ „ლიონის“ სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად თამაშს იმსახურებს. საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში ლიონელებმა „რენს“ უმასპინძლეს და 4:1 დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მოედანზე მცირე დრო გაატარა, თავი მაინც გამოიჩინა.
შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე ფოფანამ გახსნა, ხოლო 25-ე წუთზე ტოლისომ სტუმრები მეორედ დაამწუხრა. 39-ე წუთზე „რენის“ კარი ლაკაზეტმა აიღო. 50-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე მეტიემ შეამცირა. მიქაუტაძე თამაშში 76-ე წუთზე ლაკაზეტის ნაცვლად ჩაერთო. ერთ წუთში მან მეტოქის საჯარიმოში ბურთი მკერდზე მიიღო და მიწაზე დაუშვებლად ნახევრად „მაკრატელათი“ კარში გადაგზავნა – 4:1. 87-ე წუთზე მარცხენა მხრიდან საჯარიმოში შესულმა ტესმანმა ზუსტი პასი გაუკეთა ქართველს, რომელმაც ვარდნაში დაარტყა და მეკარემ „რენი“ აშკარა გოლისგან იხსნა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში მიქაუტაძემ კარგი პასით ტესმანი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ლიონელის დარტყმული სამბამ გაანეიტრალა, თუმცა შეტევა გაგრძელდა და ქართველი ლეგიონერის სახიფათო დარტყმით დასრულდა. მიქაუტაძემ, რომელის „ლიონში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, 31 შეხვედრაში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე ორ თამაშში მოწინააღმდეგის კარი ორჯერ აიღო, ხოლო ევროპა ლიგაში 11-ჯერ ითამაშა და 4 გოლს 5 საგოლე პასი მიუმატა. „ლიონი“ 54 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, რაც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ასპარეზობის უფლებას აძლევს.
ლაშა თაბაგარი





