მოსკოვის „სპარტაკის“ ფიზმომზადების ყოფილი მწვრთნელის ხავიერ ნოია სალსესის თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველის ჯანო ანანიძის მთავარი პრობლემა სუსტი კოჭები იყო.
„ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, რომლის მსგავსს იშვიათად შეხვდები. ჯანო პატარა და სუსტი გახლდათ, რომელიც ნებისმიერი ხისტი ორთაბრძოლის დროს „იმტვრეოდა“. იგი ტექნიკური იყო და ყველაფერს დრიბლინგის მეშვეობით აკეთებდა, მაგრამ კოჭის სახსარი ძალიან სუსტი ჰქონდა. ლოგიკურია, რომ ასეთი სათამაშო სტილის გამო, ფეხებში ხშირად ურტყამდნენ. ყოველთვის უნდა ეცადო, რომ მოთამაშეს დაეხმარო, მაგრამ ჟანოსთან დაკავშირებით ეს ძალიან რთული იყო“ – იუწყება ესპანელის სპეციალისტის ნათქვამს რუსული მედია.
ანანიძემ საფეხბურთო კარიერა 2022 წლის 29 აპრილს დაასრულა. ანანიძე მოსკოვის „სპარტაკში“ 2007-2020 წლებში გამოდიოდა. ის 22013-2014 წლებში „როსტოვში“ იჯარით თამაშობდა, ხოლო 2019-2020 წლებში სამარას „კრილია სოვეტოვში“ იყო განათხოვრებული.
მან „სპარტაკი“ 2020 წლის იანვარში დატოვა და თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ „ანორთოსისში“ გადავიდა. იმავე წლის აგვისტოში ანანიძემ ვოლგოგრადის „როტორს“ მიაშურა, სადაც ტრავმის გამო არ უთამაშია და სექტემბერში კონტრაქტი გაწყვიტა. ანანიძე 2021 წლის აპრილში თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადიანაც 2022 წლის იანვარში ბათუმის „დინამოს“ მიაშურა.
მან „სპარტაკის“ შემადგენლობაში 2016-2017 წლების სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგა მოიგო, ხოლო 2008-2009 და 2011-2012 წლების სეზონში ვერცხლის მედლებს დაეუფლა. ანანიძემ 2014 წელს „როსტოვთან“ ერთად რუსეთის თასი მოიპოვა, ხოლო 2018 წელს „სპარტაკის“ რიგებში – სუპერთასი. ის ბათუმელებთან ერთად წელს საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.
ანანიძემ საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში ჩატარებულ 156 მატჩში 21 გოლი გაიტანა. ის საქართველოს ნაკრებში 2009 წლიდან გამოდიოდა და 43 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





