ასათიანი ფუტსალის ნაკრებს 2027 წლის ჩათვლით უხელმძღვანელებს

0
85

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ავთანდილ ასათიანსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის თანახმად, ასათიანი საქართველოს ნაკრებში 2027 წლის ჩათვლით იმუშავებს.
ავთანდილ ასათიანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2008-2009, 2012-2013 წლებში იკავებდა. 2016 წლის აპრილიდან კი, უწყვეტად მუშაობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.
მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, 2022 წელს, პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებში ისტორიულ შედეგს მიაღწია და ევროპის საუკეთესო რვა ნაკრებს შორის მოხვდა.
ეროვნულ ნაკრებში ავთანდილ ასათიანის ასისტენტები არჩილ ბოკერია, ბესო არველაძე და ეროვნული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი რონინიო იქნებიან.
31 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ძირითადი რაუნდის მესამე მატჩს გამართავს. წლის პირველ შეხვედრაში ნაკრები ბულგარეთს უმასპინძლებს.
თამაშამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. დისკვალიფიკაციის გამო, ბულგარეთთან საშინაო მატჩს შოთა თოფურია გამოტოვებს.
საქართველო – ბულგარეთის შეხვედრა თბილისი არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს ძირითადი რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი,  საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი).
წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (არმია, თბილისი), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია, თბილისი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)

nakrebi.ge