დონეცკის „შახტარს“, რომელშიც ირაკლი აზაროვი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოხვედრის თეორიული შანსი ბოლო ტურამდე ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ტურნირს გამოეთიშა.
საერთო ეტაპის მე-8 ტურში უკრაინულ გუნდს სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამარჯვება სჭირდებოდა, თუმცა 1:3 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა სასტარტოში ზედიზედ მეორედ ითამაშა, რაც ამ სეზონში პირველად მოხდა და 72-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლები მე-17 წუთზე გირასიმ დააწინაურა, რომელმაც 44-ე წუთზე დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში მარლონმა ერთი ბურთი გაქვითა. 79-ე წუთზე დონეცკელთა კარი ბენსებაინმა აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
„შახტარმა“ 7 ქულით 36 გუნდში 27-ე ადგილი დაიკავა, ხოლო აზაროვმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირში 2-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





