ხამეს როდრიგესი კარიერას მექსიკის „ლეონში“ გააგრძელებს. კოლუმბიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის მიერ ახალ კლუბთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ოფიციალურად არ გახმაურებულა. თუმცა, მედიის ინფორმაციით 33 წლის ფეხბურთელმა 2025 წლის ბოლომდე ხელშეკრულება, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად გაგრძელდება.
„ლეონმა“ სოციალურ ქსელში ხამეს როდრიგესი ფილმ „გლადიატორის“ სტილში წარადგინა. „ლეონის“ მექსიკის 8-გზის ჩემმპიონია და წელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ითამაშებბს, სადაც ლონდონის „ჩელსის“, ბრაზილიის „ფლამენგოს“ და ტუნისის „ესპერანსს“ დაუპირისპირდება.
კოლუმბიელი შემტევი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონის წინ „რაიო ვალეკანოს“ შეუერთდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 7 მატჩში 1 საგოლე პასი გააკეთა. მან დეკემბერში ესპანელებთან კონტრაქტი შეწყვიტა.
ის კარიერის განმავლობაში ასევე „პორტუში“, „მონაკოში“, „რეალში“, „ბაიერნში“, „ევერტონში“, „ოლიმპიაკოსში“, „ალ-რაიანში“ და „სან პაულუში“ გამოდიოდა.
2024 წლის ზაფხულში აშშ-ში ჩატარებულ კოპა ამერიკაზე, რომლის ფინალში კოლუმბია არგენტინასთან დამარცხდა, ხამესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 33 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 6 მატჩში მეტოქის კარი ერთხელ აიღო და 6 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





