„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის ჩემპიონშიფის 21-ე ტურში „ვესტ ბრომვიჩი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით აჯობა – 2:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და წინა ტურისგან განსხვავებით, როდესაც ნაადრევად შეცვალეს, ამჯერად მოედანზე მატჩის ბოლომდე დარჩა.
ჩაკვეტაძე ჩვეულებისამებრ აქტიური იყო და პირველი ტაიმის შუაწელში ანგარიშის გახსნაც შეეძლო, როდესაც ინდიდვიდუალური გარღვევის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში შესულმა სუსტად დაარტყა.
36-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა სტუმართა ნახევარზე ეფექტურად აუარა გვერდი ერთ მოთამაშეს და მარცხენა ფლანგზე ვალა მოძებნა, რომლის გადაცემის შემდეგ ბაიომ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში ბაიომ დუბლი შეასრულა. ჩაკვეტაძის თავის გამოჩენა მეორე ტაიმში შეეძლო, როდესაც ორ მოწინააღმდეგს გასცდა და კარში დაარტყა, მაგრამ მცველი ბურთს გადაეღობა. „ვესტ ბრომვიჩიდან“ ერთი გოლი 67-ე წუთზე მოლუმბუმ გაქვითა. „უოტფორდი“ 34 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





