ვილი სანიოლი: “მეორე ტაიმიდან გამომდინარე მეტს ვიმსახურებდით”

0
60

ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთა ლიგის B ლიგის პირველი ჯგუფის მე-5 ტურში ბათუმში უკრაინასთან 1:1 დასრულებულ შეხვედრაში მეტს იმსახურებდა.
ვილი სანიოლი: “მატჩი კარგად დავიწყეთ, თუმცა შეცდომის შედეგად გაშვებული გოლი ჩვენი თამაშის ხარისხზე უარყოფითად აისახა. მეორე ტაიმი ფეხბურთელებმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტაიმი იყო, რაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ. ბედნიერი ვარ, რადგან ცვლილებაზე შემოსულმა ხუთივე ფეხბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა. გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სურთ საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლა. საბოლოოდ, ცოტა იმედგაცრუებულებიც ვართ, რადგან მეორე ტაიმიდან გამომდინარე მეტს ვიმსახურებდით. თუმცა, დავუშვით რამდენიმე უხეში შეცდომა, რაც ასეთ მაღალ დონეზე სირთულეებს ქმნის.
გაშვებული გოლი მენტალურად ძალიან რთული მისაღები იყო. თუმცა, ზოგჯერ, დადებითი რეაქციის გამოვლენას დრო სჭირდება. ეს პროცესია, ჩვენ ვსწავლობთ, რათა უფრო უკეთესები გავხდეთ და მივუახლოვდეთ უმაღლეს ევროპულ დონეს.
5 წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში ასპარეზობდა, ახლა კი, B ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, შანსი გვაქვს A ლიგაში დავწინაურდეთ. ეს იმის მაჩვენებელია, რამდენად კარგად ვითარდება ჩვენი გუნდი. ერთა ლიგა ახალი ტურნირია, მაგრამ უფრო დიდი ისტორიაც რომ ჰქონდეს, სავარაუდოდ არ იარსებებდა გუნდი, რომელიც ასეთ მცირე დროში რამდენიმე საფეხურით დაწინაურდებოდა. რა თქმა უნდა, გვაქვს პირველობის ამბიცია, თუმცა, მთავარი ჩვენი დადებითი განვითარებაა, რაც ნიშნავს, რომ სამუშაო კარგად სრულდება და სწორ გზაზე ვართ. რა თქმა უნდა, ოლომოუცში, ჩეხეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ამბიციით წავალთ”.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო მატჩს 19 ნოემბერს სტუმრად ჩეხეთთან ჩაატარებს, რომელიც გასვლაზე ალბანეთს უგოლოდ გაეყარა.
ჩეხეთი 8 ქულით ჯგუფის ლიდერია, საქართველო 7 ქულით მეორეა, ამდენოვე ქულით ალბანეთი მესამეა, ხოლო უკრაინა 4 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი