კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი „მიხეილ მესხი 2“-ზე შედგა, სადაც თბილისის „სპაერმა“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი ჰანდიკაპით იგებდა, საბოლოოდ უქულოდ დარჩა.
შეხვედრის 21-ე წამზე ბრაზილიელმა ჟან კარლოსმა პასი საჯარიმოშ დავით კრასოვსკის მისცა, რომელმაც ერთი შეხებით მარცხენა მახვილი კუთხიდან ლამაზი გოლი შეაგდო – 0:1. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ყველაზე სწრაფი ბურთი გაიტანა.
მე-11 წუთზე „სამგურალის“ ფეხბურთელებმა კუთხური გაითამაშეს და გიგა სამხარაძემ სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ლაშა კოხრეიძემ თავით შეაგდო – 1:1.
42-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ პასი თორნიკე ასკურავას მისცა, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრიდან გაიტანა – 2:1. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ლაშა შერგელაშვილმა „სამგურალის“ საჯარიმოში ცუდო პასი მისცა თანაგუნდელს და ბურთი ლაშა კოხრეიძეს „ჩააბარა“, რომლის გადაცემის მერე გიორგი ცეცხლაძემ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
52-ე წუთზე დავით კრასოვსკი საუცხოო ფინტით მარცხენა ფლანგზე თითქმის კუთხური ხაზზე ნიკა ჩაგუნავას გაცდა და საჯარიმოში შესულმა ბურთი ბრაზილიელ სებოლინიას გადააწოდა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა – 3:2.
69-ე წუთზე „სამგურალის“ შეტევის დროს, ბრაზილიელმა ჟან კარლოსმა მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ირაკლი ბიძინაშვილმა თავით ანგარიში გაათანაბრა – 3:3.
70-ე წუთზე ბიძინაშვილმა მეკარესთან პირისპირ ირაკლი სირაძე დატოვა, რომლის დარტყმული ბუხუტი ფუტკარაძემ მოიგერია, მაგრამ „სამგურალის“ ფორვარდის განმეორებითი დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა – 4:3. დარჩენილ დროში „სპაერს“ ქულის გადარჩენის შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.
გიორგი ონიანის გაწვრთნილი „სამგურალი“ 31 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეექვსეა, ხოლო ანზორ კიღურაძის ხელმძღვანელობით „სპაერმა“ 23 ქულა დააგროვა და მერვეა.
ლაშა თაბაგარი





