საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას განცხადებით, ჩეხეთში მოსაგებად მიდიან. მან ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის პირველი ჯგუფის მე-5 ტურში ბათუმში უკრაინასთან 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა.
ხვიჩა კვარაცხელია: “ჩეხეთში, რა თქმა უნდა, გასამარჯვებლად მივდივართ. ეს გვჭირდება, ჯგუფში პირველი-მეორე ადგილი რომ დავიკავოთ. დიდი ხანია, ვამბობ, რომ ნაკრები მოედანზე მოსაგებად გადის. არ აქვს მნიშვნელობა სახელს. ჩავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩეხეთთან მოვიგოთ და წარმატებას მივაღწიოთ.
ბოლო წუთზე უკრაინელების შექმნილ მომენტს რაც შეეხება: მამარდაშვილი თავის სტილშია, განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია – მისგან ასეთი ნახტომები ხშირია და მადლობა გიორგის. გავჩერდი და ვიფიქრე, ისევ გაგვიტანეს-მეთქი. ამ დროს გამოჩნდა გმირი და გადაგვარჩინა”.
საქართველოს ნაკრები ჯგუშფში ბოლო მატჩს 19 ნოემბერს სტუმრად ჩეხეთთან ოლომოუცში ჩაატარებს. ჩეხეთი 8 ქულით ჯგუფის ლიდერია, საქართველო 7 ქულით მეორეა, ამდენოვე ქულით ალბანეთი მესამეა, ხოლო უკრაინა 4 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





