საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან ისეც ვერ მოიგო. ეს გუნდები ერთმანეთს მეთერთმეტედ შეხვდნენ – ოთხი მატჩი ფრედ დასრულდა. ხოლო 7-ჯერ დავმარცხდით. ერთა ლიგაში სტუმრად უკრაინელებთან 0:1 წაგებული შეხვედრის მსგავსად, ჩვენ გუნდს ისევ დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ქულას გამორჩა. კარგია, რომ ზედიზედ მესამე თამაში არ წავაგეთ, რის შანსიც იყო და გოლიც გავიტანეთ. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის გარდა, შინ ალბანეთთანაც (0:1) ქულა ვერ ავიღეთ.
ბათუმში ძლიერი წვიმის ფონზე ჩატარებული მატჩში ვილი სანიოლმა დაცვის ცენტრში გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია და ლუკა ლოჩოშვილი დააყენა, მარცხენა ფლანგი ლევან შენგელიას ებარა, ხოლო მარჯვენა – ოთარ კაკაბაძეს. ნახევარდაცვის ცენტრში გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე მოქმედებდნენ. შეტევაში ხვიჩა კვარაცხელია და ბუდუ ზივზივაძე შეწყვილდნენ. მე-4 ტურში თბილისში ალბანეთთან 0:1 წაგებული მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად სასტარტოში გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი ვერ მოხვდნენ, ხოლო ლაშა დვალი განაცხადში დისკვალიფიკაციის გამო ვერ მოხვდა.
მე-5 წუთზე ჩაკვეტაძემ თავისი ნახევრიდან წამოიღო ბურთი და მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულ ზივზივაძეს მისცა, რომლის დარტყმული ბურთი უკრაინელი მცველის ფეხიდან კუთხურზე გადავიდა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან ძალიან სახიფათოდ დაარტყა და ტრუბინმა ბურთი მოიგერია.
მე-7 წუთზე ქოჩორაშვილმა უკრაინელთა ნახევარზე დაკარგა ბურთი და სტუმრების კონტრშეტევის დროს საჯარიმოში მარჯვნიდან შესული მუდრიკის პასი კვერკველიამ კი ჩაჭრა, მაგრამ სამწუხაროდ ავტოგოლი მიითვალა – 0:1. 27-ე წუთზე კვარაცხელიამ თავისივე მოპოვებული ჯარიმა ხელსაყრელი პოზიციიდან შეასრულა და ბურთი კარს გადაცდა.
36-ე წუთზე უკრაინელების კონტრშეტევის დროს მუდრიკმა ქართველმა მცველ;ებს სისწრაფეში აჯობა და ჩვენ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დაარტყა, მაგრამ მამარდაშვილმა ბურთი ფეხით მოიგერია, რითაც მეორე გოლის გაშვებას გადაგვარჩინა. 39-ე წუთზე საქართველოს ნაკრების საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა კონოპლიამ მახვილი კუთხიდან პირდაპირ კარში გაგზავნა ბურთი, რომელიც მამარდაშვილმა მუშტებით მოიგერია. 44-ე წუთზე ჩაკვეტაძემ მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი მეტოქის კარის შორეულ ძელთან გახსნილ კაშიას გაუკეთა, რომელმაც არაზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე საუცხოო ფინტით ორი უკრაინელი ჩამოიცილა და საჯარიმოში შესულმა პასი ზურიკო დავითაშვილს გაუკეთა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. 62-ე წუთზე კვარაცხელიამ უკრაინელთა ნახევარზე მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და მას მერე, რაც ორ მოწინააღმდეგეს გაცდა დაარტყა – ბურთი ზედა ძელს მოხვდა. საპასუხო შეტევის დროს მუდრიკმა მარცხენა ფრთიდან პასი საჯარიმოში დოვბიკს გაუკეთა, რომელმაც კარგი პოზიციიიდან ერთი შეხებით ააცილა.
64-ე წუთზე ქოჩორაშვილმა სტუმართა საჯარიმოში ბრაჟკოს დაასწრო, რომელმაც ქართველი ნახევარმცველი აშკარად წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ამის შემდეგ, კვარაცხელიას კარგი პასის შემდეგ ნუქაუტაძის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ აცდა.
76-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან კაკაბაძემ უკრაინელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც თავით ბურთს მიმართულება ქოჩორაშვილმა შეუცვალა, ხოლო ტრუბინის მოგერიებულს მიქაუტაძემ დაამატა – 1:1.
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ საქართველოს ნაკრები ძალიან დიდ ტერიტორიულ უპირატესობა ფლობდა, რომელიც ვერ გამოიყენა და ამის საპირისპიროდ კინაღამ ბურთი თავის კარში მიიღო. მატჩის მიწურულს მამარდაშვილმა ახლო მანძილიდან ჯერ გუცულიაკის დარტყმა მოიგერია, ხოლო შემდეგ ნაზარენკოსი და ორივეჯერ აშკარა გოლს გადაგვარჩინა.
საქართველოს ნაკრები, რომელსაც 7 ქულა აქვს, ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში ბოლო თამაშს 19 ნოემბერს ოლომოუცში ჩეხეთთან ჩაატარებს.
საქართველო-უკრაინა 1:1 (0:1)
16 ნოემბერი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“.
საქართველო: მამარდაშვილი, კვერკველია (გოჩოლეიშვილი, 67),, კაშია (კ), ლოჩოშვილი, კაკაბაძე ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია (წიტაიშვილი, 67) ჩაკვეტაძე (დავითაშვილი, 46), კვარაცხელია; ზივზივაძე (მიქაუტაძე, 67).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
უკრაინა: ტრუბინი; კონოპლია, ზაბარნი, მატვიენკო, მიკოლენკო, ბრაჟკო; ზუბკოვი (გუცულიაკი, 64), სუდაკოვი, შაპარენკო (კრისკივი, 64), მუდრიკი; დოვბიკი.
მთავარი მწვრთნელი: სერგეი რებროვი.
გოლები: 0:1 კვერკველია (7, საკ.კარში), 1:1 მიქაუტაძე (76)
გაფრთხილება: ზუბკო (3), ლოჩოშვილი (31), შაპარენკო (52), გოჩოლეიშვილი (70), მიკოლენკო (82), მუდრიკი (84)
მთავარი მსაჯი: კრის კავანა (ინგლისი)
ლაშა თაბაგარი





