„ტორპედო“ „იბერიას“ კვალში უდგას

0
44

შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილი ქუთაისის „ტორპედომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში თავის მოედანზე ბათუმის „დინამოს“ მინიმალური ანგარიშით სძლია და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კონკურენტ თბილისის „იბერიას“ წინ გაჭრის საშუალება არ მისცა.
მატჩის პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის შანსი ბათუმელებიდან რევაზ ინჯგიას ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთზე ირაკლი ბიძინაშვიკმა „დინამოს“ საჯარიმოს ხაზიდან ბურთი შორეულ „ცხრიანში“ მოჭრა და ლუკა ხარატიშვილმა ნახტომში თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
69-ე წუთზე მცველმა ლუკა ქაფიანიძემ თავის საჯარიმოში გაუკეთა პასი ლუკა ხარატიშვილს, რომელმაც ბურთი ხელებში აიღო და მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ თავისუფალი დარტყმა დანიშნა. „ტორპედომ“ სტანდარტული გაითამაშა და ახლო მანძილიდან სერბი ნიკოლა ნინკოვიჩის დარტყმული ხარატიშვილმა გაანეიტრალა.
73-ე წუთზე ქაფიანიძემ თავის საჯარიმოში ციდად ითამაშა და ბურთი მარჯვნიდან შეჭრილ ბრაზილიელ პირესს „ჩააბარა“, რომლის პასის შემდეგ ახლო მანძილიდან ალეკო ბასილაძემ ანგარიშის გახსნის ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
76-ე წუთზე  ბათუმელთა ნახევარზე მყოფმა ნინკოვიჩმა მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია  და პასი საჯარიმოში გახსნილ იონსენს გაუკეთა, რომელსაც ქაფიანიძე მეურვეობდა – საბოლოოდ, ბურთი არავის შეხებია კარში ისე აღმოჩნდა. ამ ეპიზოდში ხარატიშვილიც აშკარად შეცდა.
„ტორპედო“ 64 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილის თავკაცობით ბათუმელებმა 49 ქულა დააგროვეს და მე-4 პოზიციაზე არიან.
ტორპედო 1:0 დინამო ბთ 
ლაშა თაბაგარი