“იბერიამ” ჩემპიონობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა

0
54

ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით თბილისის „იბერიამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში შინ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი კონკურენტი გორის „დილა“ დაამარცხა და ოქროს მედლებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
მატჩის მე-40 წუთზე გორელთა საჯარიმოში გიორგი კოხრეიძემ ბურთისთვის ბრძოლაში ფრანგ მცველ ტიბუეს აჯობა, რომელმაც „იბერიას“ კაპიტანს უკნიდან ფეხი ფეხში ჩაარტყა და წააქცია. მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. კოხრეიძემ თერთმეტმეტრიანი არცთუ კარგად შეასრულა და ბურთი დავით კერესელიძეს ფეხში მოხვდა, მაგრამ საბოლოოდ კარში აღმოჩნდა – 1:0.
53-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე გადასულმა გიორგი გაფრინდაშვილმა ჩააწოდა საჯარიმოში პირდაპირ კარში წასული ბურთი მაკარიძემ ხელებში ვერ დააფიქსირა, რის გამო ანგარიში გათანაბრდა – 1:1.
61-ე წუთზე ბაქარ ქარდავამ სტუმართა ნახევარზე ტიბუეს გაცდა და მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში გადაცემა ოთარ მამაგეიშვილს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით უპასა სილას, რომლის დარტყმული ბურთი კერესელიძემ უკუაგდო, ხოლო ოთარ მამაგეიშვილმა ზუსტად დაამ,ატა – 2:1. 69-ე წუთზე გორელებმა ჯარიმის შესრულების დროს მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდეს ბურთი, რომელიც ქარდავას მოხვდა და ირაკლი ბუღრიძეს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
75-ე წუთზე „იბერიას“ კონტრშეტევის დროს გიორგი ჯინჯოლავამ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და კერესელიძის მოგერიებულ ბურთთან საჯარიმოში ყველაზე პირველი სილ აღმოჩნდა, რომელიც ტიბუემ წააქცია, ხოლო მსაჯმა „დილას“ კარში მეორე პენალტი დანიშნა. კოხრეიძე უკვე შეცვლილი იყო და თერთმეტმეტრიანი იური ტაბატაძემ გაიტანა – 3:2.
„იბერიამ“ „დილას“ დამარცხების შემდეგ 67 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია. პორტუგალიელი ფრანსისკუ კაშტრუს გაწვრთნილი „დილა“ 59 ქულით მესამეა.
იბერია 1999 3:2 დილა 
ლაშა თაბაგარი