კაშიას “სლოვანის” ზედიზედ მეოთხე მარცხი ჩემპიონთა ლიგაში

0
67

ბრატისლავას “სლოვანმა”, სადაც გურამ კაშია გამოდის, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო. უფროსი ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა შინ ხორვატიის ზაგრების “დინამო” მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში გახსნ, საბოლოოდ უქულოდ დარჩა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლები მე-5 წუთზე სტრელეცმა დააწინაურა. ხუთ წუთში შპიკიჩი ბრატისლაველთა სამ მოთამაშეს გაცდა და ახლო კუთხეში ტაკაჩს გაუტანა, რომელსაც ამ ეპიზოდში უკეთესად უნდა ეთამაშა.
30-ე წუთზე კაშიამ თავის ნახევარზე ცუდი პასი მისცა თანაგუნდელს, რომელმაც ბურთი დაკარგა და “დინამოს” კონტრშეტევა გოლით სუშიჩმა დაასრულა – 1:2. 54-ე წუთზე ზაგრებელთა იერიშის დროს სლოვაკთა მცველის ფეხიდან ბურთი კარის წინ მდგომ კულენოვიჩს მიუვიდა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. შეცვლამდე ზაგრებელთა კარს კაშია დაემუქრა, როდესაც კუთხურის შემდეგ თავით დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი ხელებში უპრობლემოდ დააფიქსირა. 72-ე წუთზე კულენოვიჩი მასპინძლების საჯარიმოს მისადგომებთან ორ მეურვეს გაექცა და შორეულ კუთხეში გაიტანა – ტაკაჩმა თავისი გუნდი ვერც ამჯერად გადაარჩინა. უქულო “სლოვანი “36 გუნდში ბოლო ადგილზეა – 2 გოლი გაიტანა და 15 გაუშვა. “სლოვანი” ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს სახლში “მილანთან” ჩაატარებს.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი