გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-6 ტურში სტუმრად ვენს „აუსტრიასთან“ ორბურთიანი სხვაობით იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. „შტურმი“ 24-ე წუთზე ბიოვინგმა დააწინაურა, ხოლო 41-ე წუთზე იატამ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
„შტურმას“ 57-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო კარიჩი გაუძევეს. ოთხ წუთში იმავე მიზეზით გრაცელებს იატა გამოაკლდათ. მასპინძლებიდან პირველი საპასუხო ბურთი მე-60 წუთზე ვინლოფმა გაიტანა. 74-ე წუთზე ლუკას გალვაომ სტუმართა კარი მეორედ აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
ავსტრიის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი „შტურმი“ 12 ქულით 12 გუნდში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





