ბუდუ ზივზივაძე: “პორტუგალიასთან თამაში კიდევ ერთი ფინალია”

0
186

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. 24 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო  ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.
საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა, რომელზეც “ათიანის” ჟურნალისტიც იქნება. 26 ივნისს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატისა და პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრის შესახებ საქართველოს ნაკრების თავადამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ისაუბრა.
ბუდუ ზივზივაძე: „მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს, რომელიც ჩამოვიდა და მხარს გვიჭერს გერმანიაში. საოცარი გარემო იყო ორივე მატჩზე, რაც დადებითად აისახა ჩვენზე. მივულოცავ პირველ ისტორიულ ქულას, რომელიც მოვიპოვეთ ჩეხეთთან შეხვედრაში. ორი განსხვავებული თამაში გვქონდა. ჩეხეთი ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო და გარკვეულ ეპიზოდებში გაგვიჭირდა მეორე სართულზე ორთაბრძოლების მოგება. მიუხედავად ამისა, მაინც გვქონდა მოგების შანსი და ბედნიერები ვართ, რომ საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ.
თურქეთთან, ბევრი მომენტი გვქონდა და არ გაგვიმართლა. თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ბედნიერია ამ გუნდით და უნდა იამაყოს, რომ საქართველო ღირსეულად თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე.
პორტუგალიასთან თამაში კიდევ ერთი ფინალია. გამარჯვების შემთხვევაში გავალთ ჯგუფიდან, ვითამაშებთ პლეი-ოფში, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის. მოთამაშეები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ. დანარჩენი, 26 ივნისს, მოედანზე გამოჩნდება. ვიცით, რომ პორტუგალია მაღალი კლასის გუნდი და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა, გვაქვს ამბიციები გვსურს, რომ ამ თამაშშიც წარმატებას მივაღწიოთ“.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად „ათიანისთვის“ ვუპერტალიდან
მადლონა მხარდაჭერისთვის სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის
.