20-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახებს აჯობა

0
38

საქართველოს 20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გუნდი სათამაშოდ გიორგი ადამიამ გაიყვანა, რადგან მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა, როდესაც ყაზახმა მცველმა თავის საჯარიმოში წულუკიძე წააქცია და მსაჯმა პენალტი დადო, რომელიც დაზარალებულმა გოლად აქცია – 1:0. 30-ე წუთზე სტუმართა შეტევას მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, ხოლო ყაზახი ფორვარდის სახიფათოდ დარტყმული ბურთი მაქაცარიამ ნახტომში მოიგერია. 39-ე წუთზე ყაზახმა ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს შორი მანძილიდან ბურთი მოულოდნელად კარის მიმართულებით გაგზავნა, როდესაც ყველა ჩაწოდებას ელოდებოდა და მაქაცარიამ იყოჩაღა. თუმცა, ყაზახების შეტევა გაგრძელდა და საქართველოს ნაკრების მეკარემ ხიფათი კიდევ ერთხელ გაანეიტრალა.
61-ე წუთზე ლორთქიფანიძემ მოედნის ცენტრიდან კარგი პასი გაუკეთა ცეცხლაძეს, რომელიც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრაა და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. 65-ე წუთზე ჩაგანავამ მარცხენა ფრთიდან პასი ყაზახების საჯარიმოში გააკეთა, სადაც მყოფმა ქარსელაძემ ძლიერად დაარტყა და მეკარემ საიმედოდ ითამაშა. 83-ე წუთზე ჩაგანავამ თავისი წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ეფექტური გოლი გაიტანა – 2:0. 87-ე წუთზე ყაზახების იერიშის დროს საჯარიმოში წაქცეულმა ხაბულიანმა ბურთს ხელი შეახო და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დადო, რომელიც კარდიბეკოვმა გამოიყენა. ეს გოლი მატჩში ბოლო აღმოჩნდა.
საქართველო – ყაზახეთი 2:1 (1:0)
8 ივნისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საქაართველო:
მაქაცარია (ბერუაშვილი, 46), გოგნაძე (გოგოტიშვილი, 70), კვერენჩხილაძე (ქარსელაძე, 46), გიუნაშვილი (კობიძე, 70) ოდიშვილი ((ნარიმანიძე, 46),, სიჭინავა (ლორთქიფანიძე, 46), ხარებავა (სოფრომაძე, 46), ბასილაძე (ჯაჭვლიანი, 46), წულუკიძე, ცეცხლაძე (ჩაგანავა, 60), , გოცირიძე (ხაბულიანი, 46).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ადამია.
გოლები: 1:0 წულუკიძე (6), 2:0 ჩაგანავა (83), 2:1 კარდიბეკოვი (87).
გაფრთხილება: ნარიმანიძე (64).
მთავარი მსაჯი: ალეკო აფციაური.
ლაშა თაბაგარი