კიტეიშვილი: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება”

0
27

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის საწვრთნელი შეკრება დაასრულა. 8 ივნისს, ჩვენმა გუნდმა გაინბერგში ბოლო ვარჯიში ჩაატარა.
ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიული შეკრება შეაფასა და მონტენეგროსთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
ოთარ კიტეიშვილი: “ავსტრიის მოსამზადებელი ეტაპი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. არ ვართ შეჩვეულები ეროვნულ ნაკრებში დიდ მოსამზადებელ პერიოდებს. ვფიქრობ, რომ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ. კარგ ფორმაში ვართ და ვემზადებით მონტენეგროსთან ამხანაგური თამაშისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება ჩვენთვის. კარგი თამაშის ჩვენებაა საჭირო, რომ თავდაჯერება კიდევ უფრო ავიმაღლოთ. ამხანაგური შეხვედრა იქნება გენერალური რეპეტიცია ჩვენთვის. უნდა ვაჩვენოთ ის თამაში, რომელიც გვინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გვქონდეს და ის ხარისხი, რაზეც ავსტრიულ შეკრებაზე ვმუშაობდით”.
ავსტრიული შეკრების დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ, ჩვენი გუნდი პოდგორიცაში გაემგზავრა. მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.