„დინამო“ „კოლხეთთან“ მარცხს გადაურჩა

0
20

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურმა სტარტი ქობულეთში აიღო, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში  ფოთის „კოლხეთმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და სამი ქულა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში დაკარგა. სტადიონზე მაყურებელი არ იყო, რადგან “სამგურალთან” დაპირისპირების დროს მომხდარი ინციდენტის გამო, ფოთელები ორ საშინაო თამაშს ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარებენ.
შეხვედრის მე-3 წუთზე ფოთელთა მცველის ფეხიდან მაღალი ბურთი გვატემალელ სანკტისს მიუვიდა, რომელმაც შეუჩერებლად ზუსტად დაარტყა – 0:1. მე-20 წუთზე გიორგი ხარებავამ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან აიღო თბილისელთა კარი – 1:1.
65-ე  წუთზე გიორგი მელქაძემ დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს „გაისროლა“ და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. ამ ეპიზოდში მეკარე მიხეილ მაქაცარიამ თანაგუნდელებს ვერ უშველა. მელქაძემ ბოლო სამ მატჩში მეოთხე გოლი გაიტანა.
ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე საბა ხარებაშვილმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა და „კოლხეთის“ უკრაინელი მეკარე იაროსლავ კოტლიაროვი ცუდად გამოვიდა, ხოლო ნოდარ ლომინაძის გადაცემის მერე, გიორგი მოისწრაფიშვილმა „დინამოს“ ქულა გადაურჩინა – 2:2.
კახა ჩხეტიანის გაწვრთნილ „კოლხეთს“ 19 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. ესპანელი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილმა „დინამომ“ ასევე 19 ქულა დააგროვა და მეექვსეა.
​​​​​​​კოლხეთი 1913 2:2 დინამო თბ 
ლაშა თაბაგარი