პირველი ადგილით ნახევარფინალში

0
51

‘შავმა ლომმა’ ისრაელის ‘თელავივ ჰითი’ ლიმასოლში 29:27 დაამარცხა და 2023 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევაფინალში პირველი ადგილით გავიდა.ჯ
გუფის ლიდერები და შარშანდელი ფინალისტები ერთმანეთში უკეთესს არკვევდნენ. კვიპროსში თამაში ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა, რამაც მსვლელობას თავისი დაღი დაასვა და ერთი ხანობა მატჩის განახლება კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დადგა.

‘შავმა ლომმა’ ძალისმიერ თამაშში უპირატესობა მოიპოვა და ლუკა ივანიშვილმა ლელოთი ანგარიში გახსნა. ლუკა მატკავამ გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა, რის შემდეგაც სტუმრების დომინირება კიდევ უფრო გამოიკვეთა. შალვა აფციაურმა და აკა ტაბუცაძემ ლელოები გაიტანეს. მატკავას გარდასახვები გაუცუდდა, სამაგიეროდ ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 23:6 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თქეშმა თამაშის განახლება სათუო გახადა. საბოლოოდ შეხვედრა განახლდა, ‘ჰითი’ გააქტიურდა და ‘შავ ლომს’ დროის უმეტესი წილის გატარება დაცვაში მოუწია, რაც ჩელენჯ თასის თამაშების წინ კარგი რეპეტიციაა. კონკრეტულად ამ თამაშში მატკავამ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, რითაც მებრძოლ ‘ჰითს’ თამაშის გადარჩენის შესაძლებლობა არ მისცა და შეხვედრა 29:27 დასრულდა.
‘შავი ლომი’ თასის ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა და ფლეი ოფის შეხვედრას 2 ან 3 დეკემბერს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამართავს.