იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის გამართლებულად მიაჩნია სანდრო ტონალისა და ნიკოლო ძანიოლოს „სკუადრა აძურადან“ მოკვეთა.
„იქიდან გამომდინარე რაც მოხდა, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ორ შოკირებულ მოთამაშეს ვერ დავიტოვებდით. ასევე სწორია, რომ მართლმსაჯულება თავისი გზით მიდის – როდესაც მსგავსი რამ ხდება საფასური უნდა გადაიხადო“ – იუწყება სპალეტის ნათქვამს იტალიური მედია.
მანამდე გაცხადდა, რომ ტონალისა და ძანიოლოს შესაძლოა ბრალი საფეხბურთო მატჩებზე არალეგალური ფსონების გაკეთებაზე წაუყენონ. 12 ოქტომბერს ფეხბურთელები იტალიის ნაკრების საწვრთნელ ბანაკში პოლიციამ სწორედ ფსონებთან დაკავშირებულ საქმეზე დაკითხა. ორივე მოთამაშემ შეკრება დატოვა. მათ ნაცვლად სპალეტიმ „სკუადრა აძურაში“ სამუელე რიჩი და სტეფან ელ-შაარავი გამოიძახა.
ევრო 2024-ის შესარჩევში იტალიის ნაკრები 14 ოქტომბერს შინ მალტას შეხვდება, ხოლო 17 ოქტომბერს სტუმრად ინგლისს დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი





