„ქართული კლასიკო“ ფრედ დასრულდა, „თელავმა“ ბათუმის „დინამოს“ მოუგო

0
45

გუნდების სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, „ქართული კლასიკო“ ყოველთვის საინტერესოა და გამონაკლის არც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა აღმოჩნდა.
დაპირისპირებამ გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა და გამარჯვება როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს შეეძლო, თუმცა, საბოლოოდ როგორც იტყვიან „საბრძოლო ფრე დაფიქსირდა“.
მატჩის დასაწყისში ანგარიშის გახსნა საბა ხვადაგიანს შეეძლო, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ლუკა ლაკვეხელიანის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ახლო მანძილიდან თავით ბურთი კარს გადააცილა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან დავით სხირტლძემ დაარტყა და სერბმა მეკარე კლიაიჩმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ტაიმის შუაწელში ირაკლი ბუღრიძე მარცხენა ფლანგზე მეურვეს გაექცა და პასი კაბალიეროს მისცა, რომლის მახვილი კუთხიდან სახიფათოდ დარტყმული გიორგი ლორიამ გაანეიტრალა. ცოტა ხანში, დინამოელთა საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შესულმა გიორგი არაბიძემ მარჯვენათი დაარტყა და ლორიას ხელიდან გაუვარდა ბურთი, რომელიც მისმა თანაგუნდელმა კუთხურზე მოიგერია.
33-ე წუთზე „ტორპედოს“ კონტრშეტევის დროს არაბიძემ ბურთი მასპინძლების საჯარიმოში მიიღო და გამოზომილი პასი გაუკეთა ბუღრიძეს, რომლის თავუის მერე თბილისელები გოლისგან გვერდითმა ძელმა „გადაარჩინა“.
ამ მომენტიდან დიდი დრო არ გასულა, რომ „დინამოს“ ფეხბურთელების გათამაშებული კუთხური საჯარიმოს გარედან ძლიერი, მაგრამ ცოტა არაზუსტი დარტყმით უსმანე კამარამ დაასრულა.
ტაიმის დასრულებამდე ოთხი წუთი რჩებოდა, რომ კამარამ „ტორპედოს“ საჯარიმოში ერთ ადგილზე საბა გოგლიჩიძე ორჯერ „მოატყუა“ და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:0.
ანგარიშის გახსნიდან ორ წუთში ნიკოლა ნინკოვიჩმა ძალიან სახიფათოდ დაარტყა და „დინამო“ გოლის გაშვებისგან ნახტომში ლორიამ იხსნა.
63-ე წუთზე ბუღრიძე „დინამოს“ საჯარიმოს ხაზთან ნიკა მალის გაცდა, ხოლო საჯარიმოში შესულმა ხვადაგიანიც „გააცურა“ და ლორიას მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა – 1:1.
65-ე წუთზე „დინამოს“ კონტრშეტევის დროს გოგლიჩიძე კამარასთან ორთაბრძოლის დროს თავის ნახევარზე შეცდა და გვინეელისგან პასი ქუთაისელთა საჯარიმოში ლაშა ოდიშარიამ მიიღო, რომელმაც ბურთი მეკარისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში „მოჭრა“ და კლიაიჩმა საიმედოდ ითამაშა.
82-ე წუთზე სტუმართა კარს ისევ ოდიშარია დაემუქრა და ამჯერად სერბმა მისგან მარცხენა დაბალ კუთხეში წასული ბურთი „გამოაძრო“. მატჩის მიწურულს ბუღრიძეს თავისი გუნდისთვის სამი ქულის მოტანა შეეძლო, როდესაც დინამოელთა საჯარიმოში გიორგი მაისურაძესთან ორთაბრძოლაში კარში დაარტყა და მასპინძელთა ნახევარმცველის ფეხიდან ბურთი კუთხურზე გადავიდა.
90-ე წუთზე თბილისელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და კამარამ მეტოქის კარი აიღო, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა დარტყმის მომენტში აფრიკელზე თამაშგარე დააფიქსირა. მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადაამოწმა და ბურთი არ ჩათვალა.
„დინამო“ 48 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. ხოლო „ტორპედო“ 38 ქულით – მეექვსეა.
ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით ბათუმის „დინამომ“ პირველი თამაში წააგო. გათამაშების ლიდერი სტუმრად „თელავს“ შეხვდა, რომელიც გიორგი მიქაძის დანიშვნის შემდეგ ძალიან კარგად გამოიყურება და ამჯერად, სახლში უქულოდ შავიზღვისპირელები გაუშვა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 49-ე წუთზე მატეია რომი შეტევის მარჯვენა ფლანგზე ლევან ხარაბაძეს გაცდა და გადაცემა გააკეთა, ხოლო როინ კვასხვაძის მიერ ცუდად მოგერიებულ ბურთს ახლო მანძილიდან კარში ადგილი ჟონელ დეზირემ მიუჩინა.
57-ე წუთზე გიორგი ზარიამ თავის ნახევრიდან მეტოქის საჯარიმომდე ირბინა და პასი პაატა ღუდუშაურს მისცა, რომელმაც ერთი ფეხბურთელი ჩამოიცილა, რასაც შორეულ კუთხეში „მოჭრილი“ ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 1:.1.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ევგენი პროტასოვმა ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიხლოვეს მიიღო და მას მერე რაც ცენტრისკენ შეიწია, მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გამარჯვების გოლი გაიტანა – 2:1. შეხვედრის ბოლო წუთზე „თელავის“ მეკარემ კარიდან გამოსვლის დროს ბრაზილიელ ფლამარიონს მუხლი თავის არეში მოარტყა და სტუმართა ფორვარდმა მძიმე ტრავმა მიიღო. მას ჟანგბადის ბალიშით დახმარებაც კი დასჭირდა. ფლამარიონი მოედანზე საკმაოდ დიდი ხანი იწვა და შემდეგ ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. წაგების მიუხედავად ბათუმელები ჩემპიონატს 52 ქულით ლიდერობენ, ხოლო თელაველებმა 24 ქულით მე-7 ადგილზე არიან.
25-ე ტურის პირველი სათამაშო დღის მე-3 შეხვედრაში „გაგრამ“ გორის „დილა“ მიიღო და გუნდები უგოლოდ დაშორდნენ. გიორგი ონიანის გაწვრთნილი „გაგრა“ 19 ქულით მერვეა, ხოლო ირაკლი მოდებაძის დამოძღვრილ „დილას“ 41 ქულა აქვს და მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი