სანდრო ალთუნაშვილის დებიუტი ავსტრიის ბუნდესლიგაში შედგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, რომელმაც ზაფხულში „ვოლფსბერგერთან“ კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა, პირველი მატჩი სტუმრად „კლაგენფურტთან“ ჩაატარა.
შეხვედრაში, რომელიც 2:2 დასრულდა ალთუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.
სტუმრები 37-ე წუთზე გაშვებული გოლით აგებდნენ, მაგრემ მეორე ტაიმში მეტოქის კარი ჯერ 65-ე წუთზე აიღეს, ხოლო შემდეგ 75-ეზე. „კლაგენფურტმა“ მატჩი 81-ე წუთზე გატანილი ბურთით გადაარჩინა.
ალთუნაშვილმა კარიერა თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაში 8 სეზონი ითამაშა და საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი, ასევე საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი მოიგო. ის ბოლო სამი სეზონი ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავდა, რომელთან ერთად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გაიმარჯვა.
ალთუნაშვილი მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც „ვოლსფბერგერში“ ჩაირიცხება. მანამდე, ნახსენებ კლუბში ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე გამოდიოდნენ.
ლაშა თაბაგარი




