ბათუმის „დინამო“ ლიდერს დაეწია

0
0

ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თბილისის „იბერიასთან“ ზედიზედ 11-მატჩიანი მოუგებელი (2 ფრე და 9 მარცხი) სერია შეწყვიტა. 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმელებმა საკუთარ კედლებში მოქმედი ჩემპიონი ორბურთიანი სხვაობით დაამარცხეს.
მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და საგოლე მომენტი ვერცერთმა გუნდმა შექმნა. 62-ე წუთზე მასპინძლების შეტევის დროს, ნიდერლანდელმა იმრანმა ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში პასი ბრაზილიელ მაურიდესს გაუკეთა, რომელმაც ნიგერიელ ალჰასანს დაასწრო, რის შემდეგ თავით ბურთი კარში გადაგზავნა – 1:0.
ანგარიშის გახსნიდან ათ წუთში გამბიელმა მარცხენა მცველმა კალეიმ დაახლოებით 22-23 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და თორნიკე მეგრელიშვილმა ბურთი მოიგერია. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, საჯარიმოშ მყოფი მაურიდესის თავურის მერე, „იბერია“ გოლის გაშვებას ისევ მეკარემ გადაარჩინა.
87-ე წუთზე იმრანმა ძალიან კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ თორნიკე კირკიტაძე დატოვა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 89-ე წუთზე ბაქარ ქარდავამ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ბათუმელებმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 5 თამაში ისე მოიგეს, რომ გოლი არ გაუშვიათ, ხოლო წაუგებელი სერია ცხრამდე გაზარდეს.
„დინამომ“ 43 ქულით დააგროვა და 10-გუნდიან ცხრილში მეორე ადგილზეა – პირველ ადგილზე მყოფ „რუსთავს“ რომელსაც ამდენივე ქულა აქვს, ურთეირთშეხვედრებში ნაჩვენები უარყოფილი ბალანსის გამო ჩამორჩება. „იბერია“ 37 ქულით მე-4 პოზიციაზეა, მაგრამ პირველ ორ გუნდთან შედარებით ორ-ორი მატჩით ნაკლები ჩაატარა, ისევე როგორც 38 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფმა თბილისის „დინამომ“.

ლაშა თაბაგარი