ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა თბილისის „საბურთალომ“ წაუგებელი სერია კიდევ უფრო გაზარდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში დედაქალაქელებმა რუსთავში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში „სამტრედიას“ უმასპინძლეს და ირაკლი სიხარულიძის წყალობით მოიგეს, რომელმაც თეთრაძის დანიშვნის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ის „სამტრედიასთან“ შეხვედრაშიც შეცვლაზე შევიდაა და გუნდს სამი ქულა მოაპოვებინა.
თუმცა, ვიდრე სიხარულიძე თამაშში ჩაერთვებოდა, „საბურთალოს“ ანგარიშის გახსნა მანამდეც შეეძლო. 36-ე წუთზე, გიორგი ჯინჯოლავამ საჯარიმო დარტყმის შერულების დროს ბურთი მეტოქის კარის სიახლოვეს ჩაჰკიდა, სადაც მათე აბულაძემ წააქცია იური ტაბატაძე. დაზარალებულმა პენალტი თავად შეასრულა და მეკარე რეზო ლომიძემ ბურთი მოიგერია.
სიხარულიძე მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და შვიდ წუთში ლევან ნონიკაშვილის დარტყმული ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიუვიდა, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა – 1:0.
89-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ზაზა ციცქიშვილმა სამტრედიელთა საჯარიმოში გააკეთა პასი, სადაც სიხარულიძემ ბურთი დაიმორჩილა და კარში გადაგზავნა – 2:0.
„საბურთალოს“ ზედიზედ შვიდი მატჩია (5 მოგება და 2 ფრე) არ წაუგია – 26 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
თბილისის „დინამომ“ გორში „თელავი“ მიიღო და 6:1 გაანადგურა. მე-20 წუთზე ანგარიში ნიდერლანდელმა იმრანმა გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მდგომმა მცველის მოგერიებული ბურთი ძლიერი დარტყმით კარში გადაგზავნა – 1:0. 27-ე წუთზე, გიორგი მაისურაძემ მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი მას მერე რაც ზედა ძელს მოხვდა, კარში აღმოჩნდა.
34-ე წუთზე გვინეელმა უსმანე კამარამ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და დაარტყა – ბურთი სტუმართა სლოვენიელ მცველ მატეი რომს ფეხში მოხვდა და კარში შევარდა. 46-ე წუთზე, გვინეელი უსმანე კამარას პასის მერე ბრაზილიელმა ვაგნერ გონსალვესმა ერთი შეხებით გაიტანა – 4:0. 62-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა კუთხური ჩააწოდა და ალექსანდრე კალანდაძემ თავით შეაგდო – 5:0. 81-ე წუთზე კამარას პასი დავით სხირტლაძემ შეიერგო – 6:0. 84-ე წუთზე სამტრედიელებიდან ერთადერთი გოლი იმედა აშორტიამ გაიტანა, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან ბურთი შორეულ კუთხეში გაგაზავნა.
გიორგი ჭიაბრიშვილის დისკვალიფიკაცის გამო, სათამაშოდ გიორგი დეკანოსიძემ გაიყვანა „დინამო“, რომელიც 27 ქულით მესამეა, ხოლო გიორგი მიქაძის „თელავს“ 8 ქულა აქვს და მერვეა.

ლაშა თაბაგარი





