„სამგურალი“ დაწინაურდა, „დინამო“ ჩამოქვეითდა

0
21

გიორგი ჭელიძის ხელმძღვანელობით წყალტუბოს „სამგურალმა“ ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო და მიმდინარე სეზონში პირველად 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მეორე სათამაშო დღეს წყალტუბოელები „თელავს“ ესტუმრნენ და სამი ქულა მატჩის მიწურულს აიღეს. 85-ე წუთზე მასპინძლების მეკარე ლევან თანდილაშვილმა საოცარი რეაქცია გამოავლინა, როდესაც ძალიან ახლო მანძილიდან სტუმართა ფეხბურთელის დარტყმული ბურთი მოიგერია. თუმცა, დემურ ჩიხლაძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ლადო ჩიხლაძის თავურთან თანდილაშვილმა ვერაფერი გააწყო – 0:1.
„სამგურალი“ 25 ქულით მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა და ამდენივე ქულის მქონე ლიდერ ბათუმის „დინამოს“ ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უარესი შედეგით ჩამორჩება. ვარდან მინასიანის გაწვრთნილი „თელავი“ 7 ქულით მე-8 პოზიციაზეა.
ამ სეზონში პირველად მე-3 ადგილზე ჩამოქვეითდა მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“, რომელსაც გორში „გაგრასთან“ გამარჯვების შემთხვევაში გალიდერების შანსი ჰქონდა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. გაგა კირკიტაძის გუნდის მიერ ქულის აღებაში დიდი წვლილი უკრაინელმა მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმ შეიტანა, რომელმაც დინამოელებს კარი არ დაანება.
„დინამო“ 24 ქულით მესამეა, ხოლო „გაგრა“ 10 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი