მიქაუტაძის მე-20 გოლი – „მეცმა“ ქულები დაკარგა, დავითაშვილმა მოიგო

0
72

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში მიმდინარე სეზონში თავისი მე-20 გოლი გაიტანა, მაგრამ ლიგა 1-ში გადასვლისთვის მებრძოლმა „მეცმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
33-ე ტურში „მეცმა“ შინ უმოტივაციო „პარიზთან“ 1:1 ითამაშა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა და ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო წინ გაიჭრა.
მატჩის დასაწყისში მიქაუტაძემ შექმნა სახიფათო მომენტი, როდესაც ერთ მცველს გაექცა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში შესულმა მარცხენა ფეხით ცუდად დაარტყა.
მე-13 წუთზე პარიზელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და გილავოგიმ „ცხრიანში“ დარტყმით ანგარიში გახსნა.
მე-18 წუთზე მაკონმა თავის საჯარიმოში საბალი წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი მიქაუტაძემ გაიტანა. მან თავი ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა.
მეორე ტაიმის შუაწელში მიქაუტაძემ თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ, ბურთი ერთი შეხებით ისე მიღო, რომ პარიზელი ფეხბურთელი ჩამოიცილა და მარცხენათი საჯარიმოში ხაზიდაან დაარტყა – სტუმართა მეკარემ არადამაჯერებლად ითამაშა, მაგრამ გოლი არ გაუშვა.
„მეცს“ 59 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა – 3 ქულით ჩამორჩა „ბორდოს“, რომელმაც სტუმრად „ვალანსიენს“ 2:0 სძლია. ზურიკო დავითაშვილი გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი