გორის “ივერიონი” სუპერლიგაში ითამაშებს

0
30

სუპერლიგას ახალი წევრი ჰყავს. გორის ივერიონმა სუპერლიგის საკვალიფიკაციო, ეგრეთ წოდებული გადასასვლელი სერია ტიტებს მოუგო და უმაღლეს ლიგაში მისი ადგილი დაიკავა. ისე გამოვიდა, რომ ამ სეზონში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს 2 სხვადასხვა რეგიონის ახალი გუნდი ჰყავს, რომლებმაც სუპერლიგაში თბილისის გუნდები ჩაანაცვლეს. რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასული ვერა A ლიგის გამარჯვებულმა ორბმა ჩაანაცვლა, ხოლო ორბთან ფინალში დამარცხებულმა ივერიონმა საკვალიფიკაციო სერია ტიტებს 3:1 მოუგო და სუპერლიგაში მისი ადგილი დაიკავა.
ბესო ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა სერია კი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა მომდევნო 3 შეხვედრა დათმო და სუპერლიგაში გატარებული 5 სეზონის შემდეგ უმაღლესი დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ტიტები გახლდათ ერთადერთი გუნდი, რომელიც სუპერლიგაში არა A ლიგის მოგებით, არამედ საკვალიფიკაციო ეტაპში გამარჯვებით გადავიდა.
2017-2018 წლების სეზონში ტიტებმა A ლიგის ფინალი თსუ-ჰიუნდაისთან დათმო, თუმცა გადასასვლელ საკვალიფიკაციო სერიაში სუპერლიგის გუნდ ზესტაფონის მარგვეთს (ყოფილ სოხუმს) აჯობა და მას შემდეგ უმაღლესში ასპარეზობდა.
გორში დღეს გამართულ საკვალიფიკაციო სერიის მე-4 მატჩს რამდენიმე ინციდენტი ახლდა. თამაშის დასრულებამდე  დაახლოებით 6 წუთი რჩებოდა, როცა მოედანზე კონფლიქტი მოხდა და სათადარიგოთა სკამიდან შესული მოთამაშეები მსაჯებმა თამაშიდან გააძევეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ასევე კონფლიქტი მოხდა ტიტებისა და ივერიონის გუნდის წევრებს შორის, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, საბოლოო ანგარიში დაფიქსირებულიყო – 92:66 .