კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტურმა სტარტი სამტრედიაში აიღო, სადაც ცენტრალურ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ გათამაშების ლიდერ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა.
დაპირიპირება დაძაბული, მაგრამ ნაკლებად სანახაოებრივი აღმოჩნდა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის დასაწყისში მარცხენა ფლანგიდან ქუთაისელთა მცველის ლაშა შერგელაშვილი ჩაწოდების შემდეგ, ბურთი კართან ახლოს მდგომ ბათუმელთა კაპიტანს მამუკა კობახიძეს მოხვდა და კინაღამ კარში აღმოჩნდა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა დაარტყა და ბურთს ოთო გოშაძე დაეუფლა, რომელიც ტრავმირებულ როინ კვასხვაძეს ცვლიდა.
ტაიმის მიწურულს გია გეგუჩაძი გაწვრთნილები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ. მაგრამ საგოლე მომენტი „ტორპედომ“ შექმნა, როდესაც შერგელაშვილმა მარცხენა ფრთიდან პასი ბელარუსი ანტონ ჩიჩკანის კარის წინ მყოფ ნიკა კაჭარავას გაუკეთა, რომელსაც ბურთისთვის ფეხი რომ არ აეცილებინა, დიდი ალბათობით ანგარიშს გახსნიდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში თავის გამოჩენის შანსსი ისევ კაჭარავას ჰქონდა, როდესაც სტუმართა დაცვა „ჩავარდა“ და მარცხნიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. აღსანიშნავია, რომ კაჭარავას პასის გაკეთებაც შეეძლო კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილი აკაკი შულაიასთვის, რომელმაც უკმაყოფილება არ დამალა.
ამის შემდეგ უკვე ბათუმელებმა შეუტიეს და ვლადიმერ მამუჩაშვილმა მაპინძლების საჯარიმოში ბურთი მიღების შემდეგ მარჯვენა ოდნავ მახვილი კუთხიდან ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
კახა ჩხეტიანმა თამაშში გიორგი არაბიძე ჩართო, რომელიც ტრავმის გამო მარტიდან გუნდ ვერ ეხმარებოდა. თუმცა, ქუთაისელთა შეტევა ვერც მან გააძლიერა. თამაში უგოლოდ დამთავრდა და მიმდინარე სეზონში ბათუმის „დინამომ“ გოლი პირველად ვერ გაიტანა.
ბათუმელებმა 21 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნეს, მაგრამ დღეს მეორე ადგილზე მყოფი თბილისის „დინამო“ სტუმრად „საბურთალოს“ ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში გეგუჩაძის გუნდს ლიდერობას დააკარგვინებს. ქუთაისელები 16 ქულით მესამე პოზიციაზე არიან.
ლაშა თაბაგარი





