მიუნხენის „ბაიერნმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან იულიან ნაგელსმანი დაითხოვა, იუწყება გერმანული მედია. 35 წლის სპეციალისტს, რომელიც „რეკორდმაისტერს“ 2021 წლიდან წვრთნიდა არ აპატიეს, რომ დორტმუნდის „ბორუსიამ“ 9-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ნაგელსმანს „ბაიერნში“ ტომას ტუხელი შეცვლის, რომელიც 2021-2022 წლების სეზონში „ჩელსიში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „მაინცს“, დორტმუნდის „ბორუსიას“ და „პარი სენ ჟერმენს“ ავარჯიშებდა. 49 წლის გერმანელი ბავარიელებთან ორწელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს.




