ოთარ გაბელია ქართული სამეკარეო სკოლის ერთ–ერთი გამორჩეული და ღირსეული წარმომადგენელია. ელვისებური რეაქციის, თავდაჯერებისა და გამარჯვებისადმი დაუოკებელი ჟინის წყალობით გაბელიამ ქართველ გულშემატკივარს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა, ზუგდიდელი მეკარის მდიდარ საფეხბურთო კარიერაში კი განსაკუთრებით ორი მატჩია გამოსაყოფი.
1979 წელს თბილისის „დინამომ“ საკავშირო თასი მეორედ დაისაკუთრა და ამ ტრიუმფში ოთარ გაბელიას წვლილი უმნიშვნელოვანესია. მოსკოვის „დინამოსთან“ ჩატარებულ ფინალში საქმე მატჩისშემდგომ პენალტების სერიამდე მივიდა. ოთარმა ჯერ მახოვიკოვის დარტყმა გააუვნებელყო, შემდეგ პეტრუშინის. განსაკუთრებით რთული მოსაგერიებელი მახოვიკოვის პენალტი იყო. მოსკოველმა მცველმა კარის მარცხენა დაბალ კუთხეში გააგზავნა ბურთი და ასეთი დარტყმის უკუგდება ნებისმიერ მეკარეს უჭირს. თბილისელთაგან ბოლო პენალტი თენგიზ სულაქველიძემ დაარტყა, ანგარიში 5:4 გახადა, გაბელია კი ვალერი გაზაევის პირისპირ დადგა. მოსკოველმა ფორვარდმა ბურთი მეკარისგან მარჯვნივ, მაღლა გაუშვა. ოთარმა დარტყმა მოიგერია, მასთან პირველი ვიტალი დარასელია მიიჭრა, მალე კი დანარჩენ თანაგუნდელთა გარემოცვაში მოჰყვა.
დაუვიწყარ 1981 წლის 13 მაისს, თასების თასის ფინალში ოთარ გაბელია საიმედო თამაშით გამოირჩა. დინამოელთა მეკარემ იენის „კარლ ცაისის“ ფეხბურთელთა რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია, დიუსელდორფის ტრიუმფს კი გაბელია ასე იგონებს: „ემოცია მეძალებოდა, მაგრამ იმ საღამოს ყველაფერს მოვერიე. ეს იყო ისტორიული მატჩი არა მხოლოდ „დინამოსთვის”, არამედ საქართველოსთვის და არ მქონდა უფლება ემოციებს ავყოლოდი. ბიჭების თანადგომას ყოველ წამს ვგრძნობდი, ამან კარგად იმოქმედა და დამაჯერებლობა შემძინა. გერმანელები ათლეტური ფეხბურთელები იყვნენ, ჩვენ მათ ტექნიკური თამაშით ვაჯობეთ. ფინალის დასასრული და შემდგომი წუთები არასდროს დამავიწყდება – თავი სიზმარში მეგონა“.
დღეს ოთარ გაბელიას 70 წელი შეუსრულდა, ვულოცავთ!!!
გოჩა კაჭარავა
