„დილამ“ მოუგებელი სერია დაასრულა

0
26

გორის „დილამ“ მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოუგებელი სერია მე-5 ტურში დაასრულა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს შეგირდები შინ ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდნენ და ლეგიონერების გოლებით დაამარცხეს.
მე-13 წუთზე სტანდარტულის შესრულების დროს ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ მარცხენა ფლანგიდან ბურთი  მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა ზურაბ თევზაძემ თავით პასი სენეგალელ ონორე გომისს გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა.
67-ე წუთზე გომისმა საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან ქობულეთელთა კარის შორეულ ძელთან პასი ბარბადოსელ გეილს გაუკეთა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 2:0.
„დილამ“ სეზონში პირველი გამარჯვების შემდეგ 6 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა, ხოლო უჩა სოსიაშვილის თავკაცობით „შუქურა“ 3 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეცხრეა.