თბილისის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ, ქულები პირველად თელავში დაკარგა. მართალია, გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი „თელავთან“, რომელმაც შინ პირველად ითამაშა ორბურთიანი სხვაობით იგებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ქულას გამორჩა.
მატჩის მე-14 წუთზე „დინამოს“ განელმა შემტევმა ნახევარმცბველმა ოსეი ბარნსმა შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ლევან თანდილაშვილის მოგერიებულ ბურთს ახლო მანძილიდან გაბრიელ სიგუამ დაამატა – 0:1.
34-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ნიკა მალის ჩაწოდების შემდეგ თელაველთა მცველმა ვიტიონიომ თავით ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გვინეელმა უსმანე კამარამ კარში მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა – 0:2.
ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე საბა ფირანაშვილი ცრუ მოძრაობით ერთდროულად მალისა და სიგუას გაცდა, რომელთაც ვარდნაში მეტოქეს ბურთი ვერ აართვეს და დაახლოებით 20 მეტრიდან ზუსტად დაარტყა – 1:2.
შესვენების შემდეგ „თელავი“ გააქტიურდა და 62-ე წუთზე ვიტინიოს დარყყმის შემდეგ, ლუკა კუტალაძის ხელიდან ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
66-ე წუთზე ლაშა კოხრეიძის პასი მერე, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა იმედა აშორტიამ ბურთი ერთი შეხებით გაისწორა და მეორეთი ახლო კუთხეში დაურტყა კუტალაძეს, რომელიც აშკარად შეცდა და ანგარიში გათანაბრდა – 2:2.
ამის შემდეგ, გია ცეცაძის გუნდს კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი ჰქონდა, როდესაც დინამოლები დაცვაში შეცდნენ, მაგრამ ფირანაშვილმა მიზანს მცირე მანძილით ააცილა.
შეხვედრის მიწურულს კამარამ ხელსაყრელი პოზიციიდან ერთი შეხებით დაარტყა, თუმცა არაზუსტად.
ძირითადი დროის ბოლო წუთზე საბა ხვადაგიანმა შორი მანძილიდან დაარტყა და პასი საჯარიმოში მყოფი სერბი ზორან მარუშიჩის მისამართით გამოუვიდა, რომელმაც შემოტრიალებით დაარტყა და თანდილაშვილმა მასპინძლები გოლის გაშვებისგან იხსნა.
შეხვედრაში ბოლო სახიფათო დარტყმა მაროკოელმა იმრანმა განახორციელა, მაგრამ შორიდან „გასროლილი“ კარს ოდან აცდა.
თბილისის „დინამო“ 13 ქულით პირველ ადგილზეა და ამდენივე ქულის მქონე ბათუმელ თანამოსახელეებს გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესო სხვაობით ასწრებენ.




