ზესტაფონში გადაბარგებამდე, “მარგვეთი” თბილისში ყოჩაღობს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა უშუალო კონკურენტი, ამჟამად ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი, თუმცა დიდი ალბათობით, ბევრად შორს წამსვლელი “ქუთაისი” დაამარცხა. ქუთაისი, ტიტები, მარგვეთი – ამ რეალობაში ეს 3 გუნდი იბრძვის საიმისოდ, რომ რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე გასვლა აირიდოს და უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად “ა” ლიგის ფინალისტთან საკვალიფიკაციო ბატალიები არ დასჭირდეს. ქუთაისი 2 მეტოქეზე ქულით წინ იყო და მარგვეთმა დღევანდელი გამარჯვებით ტიტებს გაასწრო და ქუთაისელებს გაუთანაბრდა.
რის ხარჯზე მოიგო მარგვეთმა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – სამქულიანებით. ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 17 შორი სროლა ჩააგდო, რითაც ქუთაისი, რომელიც პირველ ნახევარში მეტოქეს ტოლს არ უდებდა, წელში გატეხა. ტიბიას ჰოვარდმა 3-ში 3 სამიანი ჩააგდო, ზაკ უოლტონმა 9-დან 5. ერთი სიტყვით, თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, როცა მარგვეთელებმა მიზანი საბოლოოდ გაისწორეს, ქუთაისმა უშანსოდ წააგო.
საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, რომ მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. მარგვეთმა ქუთაისი 93:74 დაამარცხა და ახლა ორივე გუნდს 6-6 მოგება აქვს. მარგვეთში უოლტონი იყო საუკეთესო – 22 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი. 17-17 ქულა დააგროვეს მარქუს გილსონა და ოთო ბულიავამ. ტობიას ჰოვარდის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 22 ქულით ეროვნული ნაკრების წევრი კახა ჯინჭარაძე გამოირჩა. 12 ქულა ჯარვის რეიმ მიითვალა.
| ა | გუნდი | მ/წ | ქ |
|---|---|---|---|
| 1. | ოლიმპი | 12/3 | 27 |
| 2. | რუსთავი | 11/4 | 26 |
| 3. | კაკტუსი | 9/7 | 25 |
| 4. | კავკასია | 10/5 | 25 |
| 5. | თსუ | 8/8 | 24 |
| 6. | გურჯაანის დელტა | 8/8 | 24 |
| 7. | ბათუმი | 8/7 | 23 |
| 8. | მარგვეთი | 6/10 | 22 |
| 9. | ქუთაისი | 6/9 | 21 |
| 10. | ტიტები | 5/10 | 20 |
| 11. | ვერა | 2/14 | 18 |




