საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდი შოთა არველაძე თბილისის “დინამოს” ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიას ეწვია და 19-წლამდელთა გუნდი ავარჯიშა მისი აზრით თვალშისაცემია, რომ წლიდან წლამდე ქართველი მოთამაშეები უკეთესები ხდებიან.
“თბილისში ყოფნის პერიოდში ყოველთვის ვცდილობ სხვადასხვა ასაკის მოზარდ ფეხბურთელებს შევხვდე, ზოგს ვესაუბრო, ზოგთან ერთად ვივარჯიშო. მიხარია, 35-ე საფეხბურთო სკოლისა და თბილისის ლოკომოტივის შემდეგ, დინამოში ვარჯიშის ჩატარების საშუალება კიდევ ერთხელ რომ მომეცა.
რაც ყველაზე თვალშისაცემია, წლიდან წლამდე, ჩვენი ფეხბურთელები უკეთესები ხდებიან. მთავარია, მათ შესაბამისი მოტივაცია და ენერგია შეინარჩუნონ, არ გაჩერდნენ და მიზნისკენ სვლა ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად გააგრძელონ.
მომდევნო ჩამოსვლაზე ვეცდები მსგავსი შეხვედრა და ვარჯიში აუცილებლად ჩავატარო ქუთაისში, სამეგრელოში და ბათუმში. დარწმუნებული ვარ სხვებიც შემომიერთდებიან და მინიმუმ იმას მაინც მოვახერხებთ, რომ ფეხბურთელებს სწორი გზა ვანახოთ, დავეხმაროთ და მოტივაცია მივცეთ” – დაწერა არველაძე თავის ფეისბუქის გვერდზე.
ცნობისთვის, არველაძისთვის ეს სტუმრობა “დინამოს’ აკადემიაში პირველი არაა და მან თბილისური კლუბის მოზარდები მანამდეც ავარჯიშა.




